დღეს მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დამოუკიდებლობის აღდგენის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის კერძო და კორპორაციული ფულის ნიშნები“.
გამოფენის ფარგლებში მუზეუმში მისული დამთვალიერებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში (1918-1921) სხვადასხვა კერძო ორგანიზაციების მიერ გამოშვებულ კორპორატიულ ფულის ნიშნებსა და ანგარიშსწორების საშუალებებს გაეცნობა.
ფულის მუზეუმი გამორჩეულია იმით, რომ აქ გამოფენილია საქართველოში ოცდაექვსი საუკუნის განმავლობაში მოჭრილი და მიმოქცეული ფულის ნიშნები. მათ შორის, კოლხური თეთრი, ქართველ მეფე-მთავართა მიერ მოჭრილი, ასევე ბიზანტიური, არაბული, ირანული, ოსმალური, ევროპული და სხვა უცხოური ფულის ნიშნები. მუზეუმის ექსპოზიციაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პერიოდში ქართულ ბონებს, ასევე, ქართული ეროვნული ვალუტის - ლარის დამზადების და მიმოქცევის ისტორიას, წარმოდგენილია ლარის ესკიზები, ნიმუშები და ბეჭდვის მასალები. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ქართული ფულის 26 საუკუნოვან ისტორიას კოლხური თეთრიდან ლარამდე და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ საკოლექციო მონეტებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი 2001 წელს თბილისში დაარსდა, 2012 წლიდან კი ყვარელში, ქართული საბანკო საქმის ფუძემდებლის, ილია ჭავჭავაძის სამშობლოში იქნა გადატანილი.
გამოფენა 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.