საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის რეზერვების მართვის საკონსულტაციო პროგრამის (RAMP) მისიის წარმომდგენლებს - გილერმე ალვეშს, ჰენრი ჰუასა და ჟერომ ტელეტშს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ხაზარაძე.
შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები. მათ შორის, ტაქტიკური აქტივების განაწილების (TAA) ჩარჩოს დანერგვა/განვითარება, სავალუტო რეზერვების საინვესტიციო სტრატეგიის განახლება და ოქროს მართვის პოლიტიკის სრულყოფა, ასევე სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.
ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკის RAMP-ის გუნდს ტექნიკური დახმარებისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა ეროვნული ბანკის მზადყოფნას, გააგრძელოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მართვის გამოცდილების გაზიარება სხვა ცენტრალურ ბანკებთან RAMP-ის ფარგლებში და განაგრძოს აქტიური კონტრიბუცია პროგრამის წარმატებისთვის.