ბოლო პერიოდში სახელმწიფომ სიმსივნური დაავადებების მკურნალობის პროგრამებში არაერთი სიახლე დანერგა - მედიკამენტებზე დაფინანსების ლიმიტი მოიხსნა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობა კი ნებისმიერ, მათ შორის კერძო დაზღვევის მქონე ადამიანებსაც შეუძლიათ, რაც ადრე შეზღუდული იყო. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კი რჩება სკრინინგული პროგრამებისადმი მოსახლეობის დაბალი მიმართვიანობა. ადრეული დიაგნოსტიკა საშუალებას იძლევა, მკურნალობა ბევრად წარმატებული იყოს, სახელმწიფოს კი დაავადების რთული ფორმების მკურნალობაში დიდი თანხების გადახდა აღარ მოუწევს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სკრინინგის არაერთი პროგრამა მოქმედებს, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს, მოქალაქეებისთვის კი სრულიად უფასოა.
ამ კუთხით ადამიანების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება კამპანია, რომელიც რეგიონებში მიმდინარეობს. პროექტი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციის "საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის" ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტების მერიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებისა და ოჯახის ექიმების ჩართულობით ხორციელდება.
კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას სკრინინგის კვლევები უფასოდ უტარდება, ასევე მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრები. ერთ-ერთი ასეთი აქცია გაიმართა 25 ნოემბერს, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიაში, სადაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა შედგა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელმწიფო სკრინინგის პროგრამას, სკრინინგის მოცვის მაჩვენებელს, სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის როლს წარმატებულ მკურნალობაში და აპვ ვაქცინაციის როლს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის საქმეში. დღესვე, დილის 11 საათიდან საქართველოს კლინიკების ქარელის ჰოსპიტალში ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალისგან შემდგარმა მობილურმა გუნდმა სკრინინგ აქცია გამართა.
ქარელის მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში ჰქონდა შესაძლებლობა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგული გამოკვლევებით უფასოდ ესარგებლა.
დადასტურებულია, რომ სკრინინგის პროგრამები მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლევა შედეგს, თუ ჩართულია სამიზნე მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი (60%-70%). საქართველოში კი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბოლო დასკვნის თანახმად, კიბოს სკრინინგის პროგრამებში სამიზნე მოსახლეობის ჩართულობის მაჩვენებელი თითქმის 5-ჯერ ჩამოუვარდება რეკომენდებულს და არცერთი კიბოს სახეობისთვის არ აღემატება 13%-ს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში წლებია მოქმედებს კიბოს სკრინინგის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ძუძუს, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოზე გამოკვლევას. პროგრამის ფარგლებში სერვისები ხელმისაწვდომია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. სკრინინგის მიზანია აღმოაჩინოს შესაბამისი პათოლოგიური ცვლილებები სიმპტომების გამოვლენამდე. კიბოს სკრინინგის რეგულარულად ჩატარება უზრუნველყოფს დაავადების განვითარების და სიკვდილობის რისკის მკვეთრ შემცირებას.
40-70 წლის ასაკის ქალებში ძუძუს კიბოს სკრინინგი ტარდება უფასოდ. პროგრამა უზრუნველყოფს: მამოგრაფიას, პათოლოგიური ცვლილებების შემთხვევაში მამოლოგის კონსულტაციას და ექოსკოპიურ გამოკვლევას, ძუძუს კიბოს სკრინინგი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება 2 წელიწადში ერთხელ.
25-60 წლის ასაკის ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ტარდება უფასოდ. პროგრამა უზრუნველყოფს: პაპ–ტესტის ჩატარებას და პათოლოგიური ცვლილებების შემთხვევაში კოლპოსკოპიას. საჭიროებისამებრ ხდება ბიოფსიური მასალის აღება და ჰისტოლოგიური გამოკვლევა.
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება 3 წელიწადში ერთხელ. 50-70 წლის ასაკის ქალებსა და მამაკაცებში მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი ტარდება უფასოდ.
პროგრამა უზრუნველყოფს გამოკვლევას ფარულ სისხლდენაზე. პათოლოგიური ცვლილებების შემთხვევაში ტარდება კოლონოსკოპია მორფოლოგიური გამოკვლევით. მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება 2 წელიწადში ერთხელ.
დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე 116001 ან 1505. ან FB- გვერდზე „კიბოს სკრინინგი -Cancer Screening”.