logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

ComCom-ის თავმჯდომარემ კომისიის წევრთან ერთად ITU-EKIP 2026 წლის ევროპის რეგიონულ მარეგულირებელ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ComCom-ის თავმჯდომარემ კომისიის წევრთან ერთად ITU-EKIP 2026 წლის ევროპის რეგიონულ მარეგულირებელ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

1790671258

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ, ComCom-ის წევრთან, ეკატერინე იმედაძესთან ერთად, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირისა (ITU) და მონტენეგროს ელექტრონული კომუნიკაციებისა და საფოსტო მომსახურების სააგენტოს (EKIP) მიერ ორგანიზებულ 2026 წლის ევროპის რეგიონულ მარეგულირებელ ფორუმში (ITU-EKIP Regional Regulatory Forum for Europe 2026) მიიღო მონაწილეობა.

ფორუმის გახსნის სესიის ფარგლებში ComCom-ის თავმჯდომარე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა და კომუნიკაციების სექტორში მარეგულირებელი ორგანოების როლზე, დარგის დინამიკასა და ცვლილებებისთვის მზადყოფნაზე ისაუბრა. გოგა გულორდავამ საიმედო, ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ციფრული სერვისების განვითარების აუცილებლობასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროებას გაუსვა ხაზი.

„სწრაფად განვითარებად ტექნოლოგიურ გარემოში იცვლება ბაზრებიც და ადამიანებს სჭირდებათ სანდო, ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ციფრული სერვისები. როგორც მარეგულირებლები, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ ცვლილებებისთვის. კომუნიკაციების კომისიაში ამ მზადყოფნას აღვიქვამთ, როგორც სწავლის, ადაპტაციისა და თანამშრომლობისთვის ღიაობას. ჩვენ უნდა გვესმოდეს და ვიცნობდეთ ახალ ტენდენციებს, მოვუსმინოთ მომხმარებლებსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს. მზად უნდა ვიყოთ, საჭიროების შემთხვევაში, განვაახლოთ ჩვენი მიდგომები. დღეს არსებული გამოწვევები ეროვნული საზღვრებით არ შემოიფარგლება. არც ერთ მარეგულირებელს არ აქვს ყველა კითხვაზე პასუხი. სწორედ ამიტომ არის რეგიონული თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესი”. - განაცხადა გოგა გულორდავამ.

ITU-EKIP ფორუმის ფარგლებში კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების ქსელის (EaPeReg) სახელით მონაწილეობა მიიღო სესიაში სახელწოდებით „ინსტიტუციებსა და საზღვრებს შორის მარეგულირებელი მიდგომების თანხვედრის გაძლიერება“. სესიის მთავარ თემას მარეგულირებლების 26-ე გლობალური სიმპოზიუმის (GSR-26) შედეგების, GSR-26-ის დროს მიღებული საუკეთესო პრაქტიკის სახელმძღვანელოსა და ციფრული ბაზრების რეგულირების მიმართულებით კოორდინაციის გაძლიერების საკითხები წარმოადგენდა.

სესიის ფარგლებში ეკატერინე იმედაძემ აღნიშნა, რომ ციფრული ბაზრები ეროვნულ საზღვრებსა და ცალკეული უწყებების კომპეტენციებს სცდება, რაც მარეგულირებლებს შორის თანამშრომლობასა და ინფორმაციის გაცვლის საჭიროებას უსვამს ხაზს. ციფრული ქსელების აქტისა (Digital Networks Act) და მობილურ მოწყობილობასთან სატელიტური კავშირის (D2D) მაგალითებზე მან ისაუბრა საერთო ევროპული პრინციპების დანერგვის  მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ სექტორისა და ახალი გამოწვევების დაძლევაში ქვეყნებს საკუთარი ბაზრების თავისებურებების გათვალისწინების  მოქნილობაც დაეხმარება.

ფორუმის სპეციალურ სესიაში, რომელიც დაკავშირებადობის დაგეგმვის პლატფორმის (CPP) პრაქტიკაში გამოყენების საკითხს მიეძღვნა, მოხსენებით გამოვიდა კომისიის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენელი. სესიაზე განხილულ იქნა, თუ როგორ ხდება CPP-ის დახმარებით ტელეკომ ინფრასტრუქტურაში არსებული ხარვეზების გამოვლენა/იდენტიფიცირება, ფართოზოლოვანი დაკავშირებადობის სტრატეგიების დაგეგმვა და შესაბამისი ინვესტიციების მობილიზება.

ფორუმის ფარგლებში ღონისძიების მონაწილეებმა გააზიარეს ხედვები და საუკეთესო პრაქტიკა რეგულირების მიმართულებით არსებულ ტენდენციებსა და სიახლეებზე; განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: უნივერსალური და სრულფასოვანი დაკავშირებადობა, მდგრადი ციფრული ინფრასტრუქტურა, ბაზრის მონიტორინგი, მომხმარებლებისა და მათი უფლებების დაცვა, სატელეკომუნიკაციო ბაზრების სწრაფად განვითარების ფონზე რეგულირების  პრიორიტეტების ცვალებადობა და სხვა. გარდა ამისა, ფორუმის ფარგლებში გაიმართა ITU-ს ახალი ინსტრუმენტების, მათ შორის - გლობალური ეკონომიკური მოდელის კვლევის (GEMS) წარდგენა.

ფორუმის ფარგლებში ჩატარდა სესიები ისეთ საკვანძო თემებზე, როგორიცაა: მომსახურების ხარისხი და მდგრადობა; სატელეკომუნიკაციო ბაზრებზე ეფექტიანი კონკურენციის ხელშეწყობა; მარეგულირებელი პრიორიტეტების/მიზნების განსაზღვრა მომხმარებელთა მოლოდინების შესაბამისად; ციფრული ბაზრების მონიტორინგისა და გაზომვისთვის  საჭირო ანალიტიკური და ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტები; მობილური ქსელების, თანამგზავრული დაკავშირებადობის, მონაცემთა ცენტრებისა და ღრუბლოვანი ტექნოლოგიების განვითარებისთვის ინოვაციების ხელშეწყობა; უნივერსალური დაფარვისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის გზები; რეგიონში ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარებისათვის სტრატეგიების შემუშავება; ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების ტენდენციები; ტელეკომუნიკაციის ახალი ტექნოლოგიების რეგულირების სტრატეგიები და სხვ.

ITU-სა და EKIP-ის 2026 წლის ევროპის რეგიონული მარეგულირებელი ფორუმის მიზანია ევროპის რეგიონში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში დაინტერესებული მხარეების, კერძოდ, მარეგულირებელი ორგანოების, ექსპერტების, ოპერატორების, ინდუსტრიის ლიდერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების გაერთიანება და დიალოგის ხელშეწყობა ღონისძიების მთავარ თემაზე - „გლობალური პრინციპებიდან რეგიონულ პრაქტიკამდე: ეფექტიანი ციფრული ბაზრების ფორმირება“. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ღონისძიება ეფუძნება მსოფლიო ტელეკომუნიკაციების განვითარების კონფერენციების (WTDC) ფარგლებში შემუშავებულ ITU-ს ევროპის რეგიონის 2026-2029 წლის ინიციატივებს,  კერძოდ კი, ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზანს (ITU Regional Initiative for Europe on Digital Infrastructure Development).

გამოგვყევით