საქართველოს სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების შესახებ, მალე, ეროვნული სტრატეგია ექნება.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ FAO საქართველოს პოლიტიკის უფროსმა, ჯუბა მარუაშვილმა განუცხადა, შესაბამის დოკუმენტზე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია პარტნიორებთან ერთად მუშაობს.
მისივე თქმით, სტრატეგიაში გაიწერება გრძელვადიანი ხედვა, ქვეყანაში სურსათის დანაკარგების შემცირებისა და გადანაწილების შესახებ. ასევე იმის შესახებ, თუ რა როლი ექნება მთელ ამ პროცესში სახელმწიფოს, საერთაშორისო პარტნიორებს, საზოგადოებას, ბიზნესსა თუ სამოქალაქო სექტორს.
„სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონის შემდეგ, ქვეყანას მალე ეროვნული სტრატეგიაც ექნება. დოკუმენტის პირველადი ვერსია უკვე დასრულებულია და ვგეგმავთ, უახლოეს პერიოდში ის დაინტერესებულ მხარეებთან ერთად განვიხილოთ. მათ შორის, სტრატეგიას წარვუდგენთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს, სამეცნიერო კვლევით ცენტრს და სხვა. შესაბამისად, დოკუმენტი მხოლოდ ფართო განხილვების შემდეგ დამტკიცდება“, - განმარტა ჯუბა მარუაშვილმა.
მისივე ვარაუდით, წლის ბოლომდე, სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების შესახებ სტრატეგიულ დოკუმენტზე მუშაობა უკვე დასრულებული იქნება.
როგორც FAO საქართველოს პოლიტიკის უფროსი განმარტავს, საქართველო ჩვენს რეგიონში იქნება პირველი ქვეყანა, რომელსაც მსგავსი დოკუმენტი ექნება. ეროვნულ სტრატეგიაში 5 წლიანი სამოქმედო გეგმა გაიწერება.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად, საქართველოში სურსათის ნარჩენების შემცირების შესახებ, აქტიური საინფორმაციო კამპანიაც მიმდინარეობს. სხვადასხვა სოციალური მედიის საშუალებით, თუ სატელევიზიო არხებით ვრცელდება ვიდეორგოლები, სადაც მოქალაქეებს აწვდიან ინფორმაციას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სურსათის დანაკარგების შემცირება, ასევე ჭარბი სურსათის დონაცია და ამისთვის, რა ნაბიჯებია გადასადგმელი მომხმარებლების მხრიდან.
ჯუბა მარუაშვილის ინფორმაციით, „შეამოწმე, მიირთვი, გააზიარე“ - ეს არის სლოგანი სურსათის ნარჩენების შემცირების შესახებ დაწყებული კამპანიის და მის მიზანს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
"ქვეყანაში უკვე არსებობს პირველი სურსათის ბანკიც, რომელსაც ახალი დაწყებული აქვს ოპერირება და პირველ ნაბიჯებს დგამს სურსათის ნარჩენების შემცირებისა და დონაციის საქმეში. ამ პროცესში, აქტიურად არის ჩართული - ბიზნესსექტორიც. მუშაობა მიმდინარეობს რიგით მეორე სურსათის ბანკის შექმნაზეც. ასევე, მაღალია ინტერესი რეგიონებშიც, თავად მუნიციპალიტეტების მხრიდან, რომ თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყანაში სურსათის ნარჩენების შემცირებისა და დონაციის საქმეში", - განაცხადა მარუაშვილმა.
შეგახსენებთ, „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2023 წელს დაამტკიცა და ის ძალაში 2025 წლიდან შევიდა. მთლიანად ამ პროცესის ინიციატორი კი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, იგივე FAO იყო, რომელმაც საქართველოში სურსათის ნარჩენების მართვაზე მუშაობა წლების წინ დაიწყო.