კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ, მსოფლიო ბანკის ციფრული განვითარების სპეციალისტთან, ჰიმატ სინგჰ სანდჰუსთან შეხვედრა გამართა, რომელიც კომისიისა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის საკითხებსა და „Log In Georgia“-ს პროექტის მიმდინარეობის განხილვას დაეთმო.
შეხვედრის ფარგლებში, გოგა გულორდავამ ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკის როლს ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი პარტნიორია.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მხარდაჭერა ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის, რეგიონული განვითარების, ციფრული ჩართულობისა და საერთაშორისო პოზიციონირების მიმართულებით. მადლიერნი ვართ მსოფლიო ბანკის მიერ შეტანილი წვლილისთვის საქართველოს, როგორც ციფრული ჰაბის პოტენციალის წარმოჩენაში.“ - განაცხადა ComCom-ის თავმჯდომარემ.
შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება პროექტ „Log-in Georgia”-ს განხილვას დაეთმო. მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა თავმჯომარესთან აღნიშნა, რომ ComCom წარმატებით ახორციელებს პროექტის ფარგლებში მასზე დაკისრებულ მიმართულებებს, რაზეც მათ შორის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ მიმდინარეობისა და უკვე არსებული შედეგები მეტყველებს. გოგა გულორდავამ აღნიშნა, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ეფექტიანად განახორციელოს პროექტის შესაბამისი კომპონენტები.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო მხარდაჭერის კონკრეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.