logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ჩვენი მაყურებლების 90%-ს ტურისტები შეადგენენ" - STAR Circus Georgia

გართობის ინდუსტრია როგორც გლობალურად, ისე საქართველოში ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. მათ შორის, მზარდია მოთხოვნა საცირკო წარმოდგენებზე. სწორედ ამიტომ, რამდენიმე თვეა ადგილობრივ ბაზარზე ოპერირება ახალმა საცირკო სივრცე - „შაპიტომ“ დაიწყო.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“კომპანია STAR Circus Georgia - ს დამფუძნებელმა ალექსანდრე ჭიკაიძემ განუცხადა, ჯერჯერობით, მიმართვიანობა დაბალია და მათი მაყურებლების 90%-ს, საქართველოში ჩამოსული უცხოელი ტურისტები შეადგენენ. თუმცა, იმედოვნებენ, რომ მალე ინტერესი ადგილობრივი მომხმარებლის მხრიდანაც გაიზრდება.

„ჩვენი საცირკო სივრცე „შაპიტო“ მიმდინარე წლის მარტის თვეში გავხსენით და უკვე მესამე თვეა, რაც ადგილობრივ ბაზარზე ვოპერირებთ. ინტერესი ნელი ტემპით, თუმცა მზარდია. ჩვენი საოჯახო, საცირკო წარმოდგენები გათვლილია ნებისმიერი ასაკის ადამიანზე, 0-დან 90 წლამდე. ამიტომ, ყველას შეუძლია მობრძანდეს. შოუების ქრონომეტრაჟი, დაახლოებით, 2 საათია. ბილეთების ფასი კი, 25-დან 45 ლარამდე მერყეობს“, - აღნიშნა STAR Circus Georgia - ს დამფუძნებელმა.

ალექსანდრე ჭიკაიძის თქმით, მათ საცირკო წარმოდგენებში უცხოეთიდან ჩამოყვანილი პროფესიონალი მსახიობები მონაწილეობენ.

„ჩვენს სივრცეში შოუები ყოველ შაბათ-კვირას იმართება. გვყავს მსახიობები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოყვანილი, მათ შორის ბრაზილიიდან და უკრაინიდან. ჯამში, 44 ადამიანს ვასაქმებთ. გვაქვს საცირკო წარმოდგენების ძალიან მრავალფეროვანი არჩევანი“, - განმარტა STAR Circus Georgia - ს დამფუძნებელმა.

მან ადგილობრივ ბაზარზე არსებულ კონკურენციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში საცირკო წარმოდგენები მივიწყებული კულტურაა.

„სამწუხაროდ, ადგილობრივ ბაზარზე, ამ სეგმენტში კონკურენცია ძალიან დაბალია. დეფიციტია პროფესიონალი საცირკო მსახიობებისაც და ამიტომ, გვიწევს მათი უცხოეთიდან ჩამოყვანა. ჩემი მთავარი მიზანიც, როცა ცირკ „შაპიტოს“ დაარსება გადავწყვიტე ეგ იყო, რომ ეს ინდუსტრია ნელ-ნელა, ხელახლა აღვადგინოთ და ქართველ მაყურებელში ისევ პოპულარული გავხადოთ“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს" ალექსანდრე ჭიკაიძემ.

ცნობისთვის, STAR Circus Georgia-ს მიერ დაარსებული ცირკი „შაპიტო“ გლდანის პარკში მდებარეობს. ახალი საცირკო სივრცე მსოფლიო დონის არტისტებს, ექსტრემალურ ატრაქციონებსა და ახალი თაობის თეატრალიზებულ დადგმას აერთიანებს.

გამოგვყევით