ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი ცაგარეიშვილის ინფორმაციით, საქართველოში დასაქმების ფორუმების ჩატარება მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანაში სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა მაღალია.
როგორც გიორგი ცაგარეიშვილი გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნავს, 4 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში დასაქმების ფორუმი გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ დამსაქმებლებს პირისპირ შეხვდნენ, გაეცნონ რეგიონის წამყვან კომპანიებს და შრომის ბაზარზე საკუთარი ადგილი დაიკავონ.
ამასთან, სექტორის წარმომადგენლის განმარტებით, დასაქმების ფორუმზე ძირითადად სეზონური სამუშაოებით დაინტერესებული პირები იკრიბებიან. ამ ეტაპზე, ღონისძიებაზე 2 000-ზე მეტი აქტიური ვაკანსია იქნება წარმოდგენილი.
"დასაქმების ფორუმები მოიცავს: სამშენებლო სფეროს, სადაზღვევო, სამედიცინო და სარესტორნო მომსახურების მიმართულებებს. ცხადია, კომპანიების წრე რაც უფრო გაფართოვდება უკეთესია. ამჟამად, დასაქმების ფორუმი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ჩატარდება. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ადგილზე მობრძანდნენ (ასაკი შეზღუდული არ არის) წინასწარი რეგისტრაციაც არ არის საჭირო. სამუშაოს მაძიებელსა და დამსაქმებელს შორის გვინდა ურთიერთობა გავამარტივოთ.
ნელ-ნელა ტვირთი (დასაქმების) დედაქალაქიდან რეგიონისკენ გადადის, რაც ძალიან კარგია - გეოგრაფია ფართოვდება. მიხარია, რომ მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში, ახალციხეში ბევრი სიახლე გვაქვს. ახალციხეში წელს ივლისსა და აგვისტოში დასაქმების დიდი ფორუმის ჩატარება გვინდა. სვანეთში კი დამსაქმებლების ფორუმი გვექნება, კერძოდ, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნებიან კომპანიები, რომლებსაც აქტიური ბიზნესი აქვთ. ზოგადად, რეგიონებში გვინდა საინტერესო ბიზნესები ვიპოვოთ და მხარეები ერთმანეთს დავუკავშიროთ. ჩვენს ბაზაში რეგისტრირებული ათასობით კომპანიაა, ამიტომ სააგენტოს ძალიან საინტერესო მომავალი აქვს", - აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ რეგიონულ დასაქმების ფორუმს ბათუმი უკვე მეექვსედ მასპინძლობს.