logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"ჯარიმების გაზრდას შესაძლოა, მყისიერი რეაქცია მოჰყვეს და მძღოლებმა მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ" - დავით მესხიშვილი

საქართველოში საგზაო წესების დარღვევისთვის სანქციები გამკაცრდა. როგორც ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი, დავით მესხიშვილი გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნავს, ქვეყანაში საგზაო წესების დარღვევისთვის ჯარიმების გაზრდას ადამიანებში შესაძლოა, მყისიერი რეაქცია მოჰყვეს და მძღოლებმა მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ.

დავით მესხიშვილის შეფასებით, გრძელვადიან პერსპექტივაში შედეგის მისაღწევად აუცილებელია საკითხის კომპლექსური მიდგომა და არა მხოლოდ სანქციების გამკაცრება.

"საგზაო შემთხვევების სტატისტიკა ძალიან მძიმეა. სამწუხაროდ, წლებთან ერთად დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობა იზრდება. 2025 წელს 469 ადამიანი გარდაიცვალა, რაც წინა წლებთან შედარებით, მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, საქართველოში დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობა საშუალო ევროპულ მაჩვენებელს დაახლოებით 4-ჯერ აღემატება. კითხვაზე: რამდენად უშველის აღნიშნულ პრობლემას ჯარიმების გაზრდა, გეტყვით - ჯარიმების გაზრდას შესაძლოა, ამ ყველაფერზე მყისიერი რეაქცია ჰქონდეს. რაღაცები შესაძლოა, საგზაო შემთხვევების თვალსაზრისით შეცვალოს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მარტო ჯარიმების გამკაცრება საკმარისი არ არის. საგზაო უსაფრთხოება კომპლექსური დარგია. ის მოიცავს: ავტომობილის მდგომარეობას, გზის ინფრასტრუქტურას, მძღოლის ქცევებს და ა.შ. 

ცნობიერების ამაღლების კამპანიები არ გვაქვს, რაც სამწუხაროა... ჯარიმების გაზრდას, მოკლევადიან პერსპექტივაში გარკვეული შიშის ფაქტორის გამო, შესაძლოა ადამიანებში რეაქცია მოჰყვეს და სიფრთხილე გამოიჩინონ. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, როგორც წესი მძღოლები მაინც პოულობენ საშუალებას, რომ ჯარიმებს თავი აარიდონ", - აცხადებს დავით მესხიშვილი.

ასოციაციის ხელმძღვანელი საგზაო ინფრასტრუქტურაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში გზები შენდება, ახალი ინფრასტრუქტურა ვითარდება, თუმცა მნიშვნელოვანია რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი საგზაო უსაფრთხოების სტანდარტს.

"ახალი გახსნილი გზა კარგია, მაგრამ საგზაო უსაფრთხოების სტანდარტის შესაბამისია, თუ არა საკითხი აქ დგას. ჩვენს შემთხვევაში ე.წ. შავი წერტილები არსებობს, სადაც ერთი და იმავე მონაკვეთზე ბევრი ადამიანი იღუპება და შავდება. აღნიშნული "შავი წერტილების" აღმოფხვრით დაღუპულთა რაოდენობა 25%-ით შემცირდება", - აცხადებს დავით მესხიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოში საგზაო წესების დარღვევისთვის ჯარიმები 1 მაისიდან გაიზარდა. კერძოდ, ჯარიმები გაიზარდა ისეთ დარღვევებზე, როგორიცაა სიჩქარის გადაჭარბება, უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა, მართვისას მობილური ტელეფონის გამოყენება. მკაცრდება სანქციები BUS lane-ზე უკანონო მოძრაობისთვისაც და იცვლება პარკირების წესებიც, მათ შორის ტროტუარზე, ან ქვეითთა გადასასვლელზე გაჩერება. რეგულაციების გამკაცრება საგზაო უსაფრთხოების მძიმე სტატისტიკამ განაპირობა.

გამოგვყევით