logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

რა კრიტერიუმებით ხდება ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლება და ვის უნდა მივმართოთ - გზამკვლევი

რა კრიტერიუმებით ხდება ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლება და ვის უნდა მივმართოთ. აღნიშნულ საკითხზე თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა თამაზ ალიბეგაშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების პროგრამაში ჩართვისთვის მიმართვა თბილისის განვითარების ფონდში განცხადების საფუძველზე ხდება, რომელსაც ბინათმესაკუთრეების 100%-იანი თანხმობა სჭირდება.

"მომართვის შემდეგ კონკრეტულ შენობა-ნაგებობას ავარიულობის შესაბამისი ხარისხი უნდა ჰქონდეს, ასევე საკადასტრო კოდი და ფოტო-ვიდეო მასალა. ამის შემდეგ, უშუალოდ ფონდი იწყებს დამუშავებას ხელმომწერი პირები ნამდვილად ცხოვრობენ თუ არა კონკრეტულ მისამართზე, შემდეგ იწყება შიდა აზომვითი ნახაზების გაკეთება და საბოლოო გადაწყვეტილებას შენობა-ნაგებობის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, თბილისის მერია იღებს", - აცხადებს თამაზ ალიბეგაშვილი.

თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის ცნობით, ამჟამად დედაქალაქის მასშტაბით ჩანაცვლების პროგრამა 3 ობიექტზე მიმდინარეობს.

"ქალაქის მასშტაბით საკმაოდ ბევრი შენობა-ნაგებობაა ავარიული და აქედან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტი დაწყებულიყო. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გასულ წელს ვარკეთილის მესამე მასივის მე-3-ე კორპუსის მცხოვრებლებს გადაეცათ ბინები, ეს იყო 36 ოჯახი. გარდა ამისა, აღნიშნული პროგრამა ამჟამად 3 ობიექტზე მიმდინარეობს, საიდანაც 2 არის ვარკეთილში, ხოლო 1 საბურთალოზე. აქედან, 1 ობიექტი წლის ბოლომდე დასრულდება.

საკმაოდ მაღალია მომართვიანობა. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული პროექტების გარდა, დამატებით 5 ობიექტზე უნდა გამოცხადდეს ტენდერი, რომელიც თბილისის სხვადასხვა ტერიტორიას მოიცავს და ჯამურად 210 ოჯახი იქნება ბინით დაკმაყოფილებული", - აღნიშნა თამაზ ალიბეგაშვილმა.

გარდა ამისა, მანვე განმარტა, რომ შენობა-ნაგებობის გამზადებული პროექტი, რომლის შეძენა თბილისის განვითარების ფონდის მიერ ხდება, ტენდერზე გადის, სადაც დეველოპერული კომპანია ვაჭრობის შედეგად ვლინდება.

"ამ ეტაპისთვის ერთი დეველოპერი გვყავს, რომელიც 4 ლოკაციაზე მუშაობს. ამ მიმართულებით დეველოპერებს ინტერესი, რომ არ აქვთ ამის მიზეზი შეიძლება ერთი საკითხი იყოს - რომ ამ პროექტების აღების შემთხვევაში ისინი მაქსიმალურ კონტროლში არიან ჩვენი მხრიდან, გარკვეული ვადები და საჯარიმო სანქციებია. შესაბამისად, მათ ბევრად უფრო უმარტივდებათ თავისი ობიექტის დამოუკიდებლად აშენება, ვიდრე ვინმეს კონტროლის ქვეშ", - აცხადებს თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი. 

გამოგვყევით