logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

როგორ ვასწავლოთ მედიაწიგნიერება? - ComCom-მა მასწავლებლებისთვის კონფერენცია მესამედ ჩაატარა

როგორ ვასწავლოთ მედიაწიგნიერება? - ComCom-მა მასწავლებლებისთვის კონფერენცია მესამედ ჩაატარა

1778653333

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, ქალაქ ბათუმში სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლებისთვის კონფერენცია - „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება“ გაიმართა. ღონისძიება, რომელიც უკვე მესამედ ჩატარდა, მიზნად ისახავდა სკოლებში მედიაწიგნიერების სისტემური ინტეგრირების ხელშეწყობას და პედაგოგებში სწავლებასთან დაკავშირებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.

კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ნათია კუკულაძემ, ასევე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა, იზაბელა კასტროჯოვანმა გახსნეს. ასევე ღონისძიების გახსნით ნაწილში მონაწილეებს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი მიესალმა. მათ ხაზი გაუსვეს მედიაწიგნიერების, როგორც თანამედროვე სამყაროს აუცილებელი კომპეტენციის მნიშვნელობასა და მის როლს ფორმალურ განათლებაში.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია: „მასწავლებლების როლი და პრაქტიკული მიდგომები მედიაწიგნიერების სწავლებაში - გამოცდილების გაზიარება“, რომელსაც მოდერაციას ComCom-ის  წევრი, ნათია კუკულაძე უწევდა. დისკუსიაში მონაწილეობდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მარიამ ჩიქობავა, ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის დირექტორი, ცირა ქობულაძე, საჩხერის მე-3 საჯარო სკოლის დირექტორი, ნინო ჩიხლაძე და თბილისის მე-10 და ვაზიანის მე-2 საჯარო სკოლების მედიაწიგნიერების მასწავლებელი, მანანა მარგიანი. პანელის ფარგლებში განიხილებოდა სწავლების პროცესში დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილება, წარმატებული მიდგომები და მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდის მეთოდები, რომელთა მეშვეობით მოზარდები მედიაგზავნილების გაფილტვრას, ციფრულ სივრცეში უსაფრთხოდ ნავიგაციას, დეზინფორმაციის აღმოჩენასა თუ სიმართლის დადგენას, ასევე, კიბერსაფრთხეების თავიდან არიდებას და პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას სწავლობენ.

შეხვედრა ასევე მოიცავდა კითხვა-პასუხის სესიას, რომლის ფარგლებშიც, პანელისტებმა მონაწილეებს მედიაწიგნიერების სწავლების პროცესთან დაკავშირებული საკითხების შესახებ საკუთარი მოსაზრებები  გაუზიარეს.

კონფერენციის დასასრულს, გაიმართა ვორქშოპი თემაზე: „როგორ ვასწავლოთ მედიაწიგნიერება? - არჩევითი კურსის გზამკვლევის პრეზენტაცია“, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მედიაწიგნიერების საგნის ექსპერტმა, თამარ დარსალიამ წარმართა. ვორქშოპის მონაწილე პედაგოგები დეტალურად გაეცნენ მეთოდოლოგიურ გზამკვლევს, რომელიც მათ მედიაწიგნიერების არჩევითი საგნის ეფექტიანად სწავლებაში დაეხმარებათ.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე  გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტის შედეგად, 2025 წლისთვის საქართველოში იმ სკოლების რაოდენობა, სადაც მედიაწიგნიერება ცალკე არჩევით საგნად ისწავლება, 300-მდე გაიზარდა, ხოლო სკოლების 90%-ზე მეტი რეგიონის სკოლებს წარმოადგენენ.

კომუნიკაციების კომისიისთვის, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში სისტემური ინტეგრაციის მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

გამოგვყევით