logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"თბილისი ენერჯი" გაზის დეტექტორების სავალდებულო დამონტაჟების ინიციატივით გამოდის

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილის, გიორგი ლეფსვერიძის განცხადებით, ყველა მომხმარებლის ბინა უნდა იყოს აღჭურვილი გაზის გაჟონვის დეტექტორითა და ელექტროონკანით, რომელიც გაჟონვის შემთხვევაში, მოქალაქეს გაზის მიწოდებას ავტომატურად შეუწყვეტს.

როგორც მან „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა, უმჯობესი იქნება, თუ აღნიშნული საკითხი კანონმდებლობით დარეგულირდება.

„გაზის გაჟონვის დეტექტორი მხოლოდ და მხოლოდ გაზის გაჟონვაზე რეაგირებს. იყო შემთხვევები, როდესაც ამბობდნენ: "საჭმელს ვაკეთებდი და დეტექტორი გამოვრთეო". დღეს ეს შემთხვევები მინიმუმამდეა დაყვანილი.

დღეს ბაზარზე უკვე არის დეტექტორი, რომელიც ბუნებრივი აირის გაჟონვაზე მუშაობს. გაზის გაჟონვის დეტექტორს კომპლექტში აქვს ჩამკეტი ონკანი, რომელიც იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოქალაქე სახლში არ იმყოფება და მის ბინაში გაზი გაჟონავს, ავტომატურად კეტავს გაზის მიწოდებას. შესაბამისად, ბინა დაცულია გაზის დაგროვებისა და შემდგომი აფეთქებისგან.

მომხმარებელს შეუძლია მოგვმართოს კომპანია „თბილისი ენერჯის“, თუ გაზის გაჟონვის დეტექტორის დამონტაჟება სურს. ძალიან კარგი იქნება, თუ ყველა მომხმარებლის გაზის დეტექტორით უზრუნველყოფა საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება და ბინების აღჭურვა სავალდებულო გახდება. გაზის ყველა მომხმარებლის ბინა უნდა იყოს აღჭურვილი გაზის გაჟონვის დეტექტორითა და ელექტროონკანით, რომელიც გაზის გაჟონვის შემთხვევაში მოქალაქეს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს“, - განაცხადა გიორგი ლეფსვერიძემ.

მან მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ თუ რომელიმე მათგანი გაზის სუნს იგრძნობს, აუცილებლად უნდა დარეკოს „თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე - 114.

„მოქალაქემ უნდა იფიქროს, რომ რადგან გაზის გაჟონვის დეტექტორმა მის ბინაში გაზი გათიშა, ესე იგი, 99%-იანი ალბათობით, მის ბინაში გაზის გაჟონვა ხდება, რის გამოც დეტექტორმა გაჟონვა დააფიქსირა და გაზის მიწოდება შეწყვიტა. აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს კომპანია „თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზს — 240-40-04 ან საავარიო ნომერზე — 114. ჩვენი ბრიგადის მისვლამდე, როდესაც დეტექტორი ამოქმედდება, არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღადგინოს ბინაში ბუნებრივი აირის მიწოდება, რადგან შესაძლოა, გაჟონვა კვლავ არსებობდეს“, - განაცხადა გიორგი ლეფსვერიძემ.

მისი განმარტებით, ფონიჭალაში გუშინ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ კომპანიაში მომართვიანობა მკვეთრად გაიზარდა.

„მინდა, მოქალაქეებს მოვუწოდო: ეზოში, სადარბაზოში ან მათ კუთვნილ ბინაში, როგორც კი ოდნავ მაინც იგრძნობენ გაზის სუნს, ყურადღება უნდა მიაქციონ და დაუყოვნებლივ დარეკონ 114-ზე. რაც შეეხება რეაგირებას, ჩვენი ოპერატიული სამსახურები ადგილზე მაქსიმუმ 15-დან 30 წუთამდე პერიოდში გამოცხადდებიან“, - განაცხადა გიორგი ლეფსვერიძემ.

შეგახსენებთ, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი - დაშავდა.  ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

გამოგვყევით