logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

ტურიზმი, ინფრასტრუქტურული პროექტები და სანატორიუმების რეაბილიტაცია - ინტერვიუ წყალტუბოს მერთან

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არაერთი პროექტი ხორციელდება, რომელიც წყალმომარაგების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს.  წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ  ქალაქში ძირითადი აქცენტი კულტურულ-რეკრეაციული სექტორის განვითარებაზე კეთდება, რადგან წყალტუბოში ჩამოსული ტურისტი ქალაქიდან, არა მარტო, ფიზიკურად გაჯანსაღებული, არამედ ემოციურად დატვირთული წავიდეს.

ამ ტენდენციების უკეთ გასაცნობად, „ბიზნესპარტნიორი“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს, გენადი ბალანჩივაძეს დაუკავშირდა, რომელმაც მიმდინარე აქტუალურ თემებზე ისაუბრა. კერძოდ, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი ჩვენთან საუბრისას ქალაქში არსებულ ტენდენციებს მიმოიხილავს, მათ შორისაა: ვიზიტორებისა და ტურისტული ობიექტების რაოდენობა, ადგილობრივი დამსვენებლების აქტიურობა, წყალტუბოში არსებული სანატორიუმების რეაბილიტაციის პროცესი და ინფრასტრუქტურული საკითხები და ა.შ. 

-ბატონო გენადი, ჩემი პირველი კითხვა ტურიზმის სექტორს ეხება -  კერძოდ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არსებულ მღვიმეებში (პრომეთე, სათაფლია, თეთრა მღვიმე) ტურისტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა, თუ შემცირდა? ამასთან, რომ გვითხრათ - მუნიციპალიტეტში დამსვენებლები ძირითადად, რა მიზნით ჩამოდიან?

- გვიხარია, რომ წყალტუბოში არსებულ მღვიმეებში (პრომეთე, სათაფლია, თეთრა მღვიმე) ტურისტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20%-ით გაიზარდა. ქალაქში ვიზიტორები, სხვადასხვა, მიზნით ჩამოდიან. კერძოდ, ქალაქში, მთელი წლის განმავლობაში, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ვიზიტორები სამკურნალოდ და დასასვენებლად გვსტუმრობენ.  მზარდია დამსვენებელთა რაოდენობა აბაზანებსა და თანამედროვე სპა ცენტრებში, სადაც "მწვანე ქალაქის" (წყალტუბოს) სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, როგორც რადონული წყლებით მკურნალობის, ასევე, შეუძლიათ, სხვადასხვა, გამაჯანსაღებელი პროცედურები და კვლევები ჩაიტარონ.

- წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ტურისტული ობიექტების შესახებ რას გვეტყვით, მაგალითად, საოჯახო სასტუმროებისა და  მარნების სექტორი  წინა წელთან შედარებით, რა ტენდენციით ვითარდება? 

- წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ტურისტული ობიექტების კერძოდ, საოჯახო სასტუმროებისა და  მარნების რიცხვი  წინა წელთან შედარებით, 10% გაიზარდა. მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე, წყალტუბოში 15 სასტუმრო და 67  საოჯახო ტიპის სასტუმრო ფუნქციონირებს. Tskaltubo Plaza საერთაშორისო ბრენდის სასტუმროა,  რომელიც უკვე წლებია, მაღალი კლასის ტურისტების მოზიდვას უზრუნველყოფს და საერთაშორისო ვიზიტორებზე მიმართულ ტურისტულ შეთავაზებებს აკეთებს.

წყალტუბო უკვე მრავალი წელია მასპინძლობს ტურისტებსა და დამსვენებლებს, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე უცხოეთიდან. ეკოტურიზმით დაინტერესებული ვიზიტორების რიცხვი მზარდია, განსაკუთრებული პოპულარობით სამკურნალო და სარეაბილიტაციო სერვისები სარგებლობს, რომლებიც წყალტუბოს სამკურნალო კურორტის დანიშნულებას ანიჭებს.

-უფრო კონკრეტულად, რომ გვითხრათ - მუნიციპალიტეტში ძირითადად ვიზიტორები, რომელი ქვეყნიდან გყავთ?

- ქალაქში ვიზიტორები ძირითადად  თურქეთიდან, ისრაელიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან,  რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და რაც მთავარია, საქართველოს, სხვადასხვა, მუნიციპალიტეტებიდან გვყავს. ამასთან, ეკოტურიზმით დაინტერესებული ვიზიტორების რიცხვი მზარდია, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სამკურნალო და სარეაბილიტაციო სერვისები, რომლებიც წყალტუბოს სამკურნალო კურორტის დანიშნულებას ანიჭებს.

-საინტერესოა, ძველი სანატორიუმების რეაბილიტაციის პროცესი - ამჟამად, რა მდგომარეობაა რეკონსტრუქცია უკვე დაწყებულია?

- ძველი სანატორიუმების რეაბილიტაციის პროცესი - მათ შორის, სანატორიუმ "თბილისის" სრული რეკონსტრუქცია უკვე დაწყებულია. ძველი სანატორიუმების რეაბილიტაციის პროცესს, მათ შორის "თბილისის" სრულ რეკონსტრუქციას კერძო პირი ახორციელებს.

- შეგიძლიათ, ქალაქში არსებულ სხვა მნიშვნელოვან პროექტებზე გვესაუბროთ და სურათი სრულად დახატოთ? მაგალითად, რა მიმართულებაა ამჟამად, მუნიციპალიტეტში პრიორიტეტული?

-რა თქმა უნდა, ახალი რეკრეაციული სივრცეების, სკვერების, განათლებისა და სპორტული ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად მიმდინარეობს, რაც წყალტუბოს ტურისტულ და სამკურნალო პოტენციალს კიდევ უფრო ზრდის.

ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში "ცივი ტბის" რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდა, ასევე ტბაზე გადასახედს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, სათევზაო და ნავსადგომის ადგილები მოეწყო, ტბის გარშემო საფეხმავლო და ველოსიპედის ბილიკები გვაქვს. ტერიტორია დამატებითი ნარგავებით გამწვანდა, დამონტაჟდა განათების სისტემა და საავტომობილო პარკინგი მოეწყო.

ცენტრალური პარკის მოვლასა და გამწვანებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, ასევე არსებული  რეკრეაციული სივრცეების მოწყობაზე მუდმივად ვზრუნავთ. მინდა გითხრათ, რომ ცნობილი მწერლების, ნიკო ლორთქიფანიძისა და ოტია იოსელიანის ძეგლები უკვე დადგმულია, ამასთან, კომპოზიტორ მელიტონ ბალანჩივაძისა  და გალაკტიონის  ბიუსტები გვაქვს.

- რაც შეეხება წყალმომარაგების  მიმართულებას,  როგორი სურათი გაქვთ - ახლა რა პროექტებზე მუშაობთ და რა არის პროექტის საინვესტიციო ღირებულება? 

- მნიშვნელოვანი კითხვაა, ამჟამად, ქალაქში წყალარინების (კანალიზაციის) ქსელის მოწყობის მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს,  რომლის საინვესტიციო ღირებულება ₾25 მლნ-ია. ქალაქ წყალტუბოს მოსახლეობას და 15-ზე მეტ სოფელს  სასმელი წყალი 24 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. წყალმომარაგების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ამასთან ერთად, სასმელი წყლის ქსელი მუნიციპალიტეტის 7  სოფელში ეწყობა.

ხაზი მინდა გავუსვა, რომ წყალმომარაგების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა სოფელ გეგუთში მალე დასრულდება, შედეგად  4 000-მდე ბენეფიციარი 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს. სასმელი წყლის ქსელი ასევე, სოფელ  გუმრაში, თერნალში, ბანოჯაში, ჯიმასტაროში მოეწყო, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტი სოფელ ქვილიშორშიც ხორციელდება.

გამოგვყევით