შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა კომპანიის 2025 წლის საქმიანობაზე, განხორციელებულ ცვლილებებსა და მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.
როგორც გიგლა თამაზაშვილმა აღნიშნა, გამართული და ეფექტიანი სამელიორაციო სისტემები სოფლის მეურნეობის განვითარების ფუნდამენტური საფუძველია.
„გამართულ სარწყავ სისტემებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მოსავლის რაოდენობა, ხარისხის მაჩვენებელი და, შესაბამისად, ფასი. თუ გვექნება უხვი მოსავალი, გვექნება დაბალი ფასები. სწორედ ამიტომ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ამ დარგის განვითარებას. 2025 წელს დაიწყო და განხორციელდა რიგი რეფორმები, რომლებიც მოიცავდა როგორც კომპანიის რებრენდინგის ნაწილს, ასევე სტრუქტურულ რეორგანიზაციას და ისეთი მიმართულებების ჩამოყალიბებას, რომლებიც ფერმერებისთვის მაღალი ხარისხის სერვისების ეფექტიან და სწრაფ მიწოდებას უზრუნველყოფს. სამუშაო პროცესში ჩამოყალიბდა მიდგომები, რაც მნიშვნელოვანია ე.წ. მომავლის მელიორაციისთვის; დღევანდელი გლობალური გამოწვევების ფონზე აქტუალური საკითხია წყლის რაციონალური გამოყენება ისეთი ქვეყნისთვისაც კი, როგორიც საქართველოა, ვგულისხმობ წყლის რესურსების სიმდიდრეს.
ჩვენი მიზანია, მინიმალური დანაკარგებით მივაწოდოთ წყალი ფერმერებს და ადგილობრივ მოსახლეობას. ამ პროცესში, კომპანიასთან ერთად, აქტიურად არიან ჩართულები დონორი ორგანიზაციები, რომელთა მხარდაჭერითაც რამდენიმე მასშტაბური პროექტი უკვე განხორციელდა“, - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.