სოფლის მეურნეობის სექტორში საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული. დიზელის ფასების მატების ფონზე, აგროპროდუქციის წარმოება ფერმერებს შარშანდელთან შედარებით უფრო ძვირი დაუჯდებათ.
ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციით, წლის ამ პერიოდში ფერმერების საოპერაციო ხარჯები ისედაც მაღალია, თუმცა აგრო ტექნიკისთვის საჭირო საწვავის - დიზელის ფასნამატი სექტორის წარმომადგენლებს ხვნა-თესვისა და მოსავლის აღების პროცესს კიდევ უფრო უძვირებს.
"დიზელს დიდი წილი უჭირავს სოფლის მეურნეობის საქმიანობებში . შესაბამისად, მისი გაძვირება ნეგატიურად აისახება ხვნა-თესვის პროცესზე. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას იმ აგრომიმართულების საწარმოო პროცესში, სადაც უფრო მაღალია აგროტექნიკის გამოყენების მაჩვენებლები. როგორც იცით, აგროპროცესებში ძირითადად ჩართულია ტრაქტორები, მისაბმელები თუ მოსავლის ამღები დანადგარები,"- აღნიშნავს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილი.
მისივე შეფასებით, გაზრდილი დანახარჯები საბოლოო პროდუქციის ღირებულებაზეც აისახება. ამასთან, შესაძლებელია დაირღვეს აგროკალენდარიც.
"ბუნებრივია, თუ ეს გაზრდილი დანახარჯები გრძელვადიანად შენარჩუნდა, ეს აისახება აგროკალენდარზეც. შესაძლოა, შეზღუდული ფინანსებიდან გამომდინარე, აგროვადებით დაგეგმილი ღონისძიებები ფერმერების ნაწილმა სათანადოდ ვერ ჩაატაროს. რაც საბოლოოდ მოსავლის ხარისხსა და რაოდენობას შეამცირებს.“-აღნიშნა რატი კოჭლამაზაშვილმა.
ცნობისთვის, აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის ფონზე, ნავთობის ფასები მზარდი დინამიკით ხასიათდება. საწვავი გაძვირებულია საქართველოშიც. ბოლო ერთ თვეში დიზელის ღირებულება 50-74 თეთრითაა მომატებული.