გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში, უზბეკეთის რესპუბლიკაში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გვიდო დე სანქტისს და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში (FAO) იტალიის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილეს ფილიპო ლონარდოს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობისა და აგროსასურსათო სექტორში საქართველო-იტალიის თანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო მიმართულებები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მდგრადი აგროსასურსათო სისტემების განვითარებას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვას, ასევე კლიმატის ცვლილების პირობებში სექტორის ადაპტაციისა და განვითარების ხელშეწყობას.
ასევე, საუბარი შეეხო ირიგაციისა და წყლის რესურსების ეფექტიანი მართვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარების და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. ხაზი გაესვა პრაქტიკული ცოდნის, ტექნიკური გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლის მნიშვნელობას.
ლაშა დოლიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე და აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს კონკურენტუნარიანი, ეკოლოგიურად მდგრადი და თანამედროვე აგროსასურსათო სისტემების განვითარება წარმოადგენს. მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სექტორის განვითარებასა და ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის სრულად ათვისებაში.
იტალიურმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოსთან არსებული თანამშრომლობა და გამოთქვა მზადყოფნა, მომავალშიც გაგრძელდეს აქტიური დიალოგი და თანამშრომლობა როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე FAO-ს ფარგლებში.
შეხვედრა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ევროპისა და ცენტრალური აზიის 35-ე რეგიონული კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, რომელიც რეგიონში სოფლის მეურნეობის, სასურსათო უსაფრთხოების და კლიმატის ცვლილებების საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.