logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"იაპონელებს ქართული ღვინო ძალიან მოსწონთ, რადგან მათთვის ახალ გემოსთან ვასოცირდებით" - "გურნელების მარანი"

იმერეთში, სოფელ გურნაში მდებარე "გურნელების მარნის" დამფუძნებლის, მამუკა კაკუშაძის ინფორმაციით, იაპონელებს, ჩინელებსა და ზოგადად, უცხოელებს ქართული ქვევრის ღვინო ძალიან მოსწონთ, რადგან მათთვის ახალ გემოსთან ვასოცირდებით.

როგორც მამუკა კაკუშაძე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ქართული ღვინო გემოს სპეციფიკით ძალიან განსხვავებულია, ეს კი, უცხოელ მომხმარებლებში დიდ დაინტერესებას იწვევს.

„ქართული ღვინისთვის უცხოური ბაზრები ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, დივერსიფიკაციის კუთხით. მაგალითად,  შარშანდელი მონაცემებით, ჩვენი ღვინის დაახლოებით 65% რუსეთის ფედერაციაში გავიდა. რუსეთის ფედერაციის, ან კონკრეტულად რომელიმე ქვეყნის წილი მაქსიმუმ 30%-ს არ უნდა აღემატებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაზრის მონოპოლიზაცია ხდება. შემდეგ შეიძლება, აღნიშნულ ბაზარზე, რაღაც მოხდეს, მაგალითად, შეზღუდვა შემოიღონ, გარკვეული ბარიერები შეიქმნას - ეს ყველაფერი კი, ჩვენს ეკონომიკას ჩამოშლის. ქართული ღვინო, რაც უფრო მეტ ქვეყანაში გავა, ეს იქნება - ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ევროპის ქვეყნები, თუ აშშ ჩვენი მევენახეობისთვის უკეთესია.

რაც შეეხება, რატომ ღვინის კერძებთან შეხამება, ეს ზოგადი პრინციპია. აქ უფრო აქცენტი ახალ გემოებზე კეთდება. როგორც იაპონელებს, ასევე ჩინელებს განსაკუთრებით მოეწონებათ, მათთვის ახალი გემოა - ქართული, განსაკუთრებით ქვევრის ღვინო. ჩვენი ღვინო ხომ გემოს სპეციფიკით ძალიან განსხვავებულია, ეს კი, დიდ დაინტერესებას იწვევს. მეორე მნიშვნელოვანი აქცენტი  - ბიო მეღვინეობაა, რომელსაც ძალიან დიდი მომავალი აქვს.  ამ კუთხით, ვფიქრობ, ზრდა ნახტომისებური იქნება“, - განაცხადა მამუკა კაკუშაძემ.

ცნობისთვის, ღვინის ეროვნული სააგენტო ინფორმაციით, 12 მაისს ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. მათივე ცნობით, იაპონიაში, ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია; მაგალითად, მიმდინარე წლის 4 თვეში, საქართველოდან იაპონიაში ექსპორტირებულია 71 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, 21%-ით აღემატება.

გამოგვყევით