საქართველოში ზეთისხილის რთველის მოლოდინია. ზეთისხილის მოსავლის აღება ოქტომბრის ბოლოდან დაიწყება და ნოემბრის მიწურულამდე გაგრძელდება. როგორც „სვანიძის ზეთისხილის“ დამფუძნებელმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას აღნიშნა, მოსავლის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლები შარშანდელთან შედარებით გაუმჯობესებულია.
„წელს მინიმუმ, 500-800 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით. ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზეთისხილის დარგმა საქართველოში გაამართლა. მოთხოვნა ყოველ წელს იზრდება. ზეთისხილი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კულტურაა, 2 000 წელი ხარობს ხე, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს რასაც დარგავენ ფერმერები, საუკუნეები გამოიღებს მოსავალს. ამიტომ მოსახლეობას მოვუწოდებ ამ კულტურით მეტად დაინტერესდნენ,“-აღნიშნა გიორგი სვანიძემ.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს ზეთისხილის კულტურისთვის კარგი კლიმატური პირობები იყო.
„როგორც ყურძნის რთველის დროს არის დიდი რიგები. ზუსტად ასეა ზეთისხილის რთველის დროს ჩვენთან, საწარმოში. ფერმერები 6-7 საათზე იწყებენ მოსვლას. ჩვენ ამ პერიოდში 24 საათიან რეჟიმზე გადავდივართ. არ ჩერდება ქარხანა და ვიბარებთ ზეთისხილს,“-აღნიშნა გიორგი სვანიძემ.