logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ქართული ჩაის "დიდი დაბრუნება" - გაერთიანებული მეწარმეები და მზადება გლობალურ ბაზარზე გასასვლელად

ქართული ჩაის "დიდი დაბრუნება" - გაერთიანებული მეწარმეები და მზადება გლობალურ ბაზარზე გასასვლელად

1789725282

დასავლეთ საქართველოს მწვანეში ჩაფლული პლანტაციები და მუშაობის რიტმით სავსე საწარმოები 12-13 სექტემბერს, ჟურნალისტთა შეხვედრისა და ცოცხალი დისკუსიების ეპიცენტრად იქცა. მედიის წარმომადგენლებმა უშუალოდ მწარმოებლებისგან, ფერმერებისა და ტექნოლოგებისგან გაიგეს, თუ რა გზას გადის ქართული ჩაი პლანტაციიდან მომხმარებლის ჭიქამდე, რა ბარიერები ეღობება ადგილობრივ პროდუქციას გლობალურ ბაზრებზე და როგორ აჩენსახალ შესაძლებლობებს სექტორის შიგნით ძალების გაერთიანება.  მასშტაბური მედიატური ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტის (LEDP) ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც Helvetas-ი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC / Embassy of Switzerland in Georgia) დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის უმთავრესი მიზანი ქართული ჩაის პოპულარიზაცია, ადგილობრივი წარმოების გაძლიერება და სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაა.

ქართული ჩაის მთავარი ღირსება მისი ეკოლოგიური სიფაქიზე და უნიკალური საგემოვნო თვისებებია. მსოფლიო რუკაზე ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე პლანტაციები ბუნებრივ უპირატესობას ქმნის - გრილი კლიმატი, ზამთრის თოვლი და ყინვა მავნებლებს სპობს, რის გამოც ნარგავები შხამქიმიკატებით შეწამვლას არ საჭიროებს. ამასთან, ადგილობრივი ჩაი, წარმოებიდან პირდაპირ დახლზე ხვდება, ხანგრძლივი ლოჯისტიკური ჯაჭვის გარეშე, რაც მომხმარებელს მაქსიმალურად ცოცხალი არომატისა და გემოს მიღების გარანტიას აძლევს.

საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი, თენგიზ სვანიძე სწორედ ამ ეკოლოგიურ და ლოჯისტიკურ უპირატესობას უსვამს ხაზს:

გრილი კლიმატი, ზამთრის თოვლი და ყინვა ბუნებრივად ანადგურებს მავნებლებს, რის გამოც პლანტაციები არ საჭიროებს შხამქიმიკატებით შეწამვლასპროდუქტი სრულიად სუფთაა. გარდა ამისა, ადგილობრივი ჩაი დახლზე წარმოებიდან პირდაპირ ხვდება, დაძველების გარეშე. იმპორტირებულ ჩაის ხანგრძლივი ლოჯისტიკური გზა აქვს გასავლელი. ჩაის კი არ უყვარს დრომაქსიმალური არომატისა და გემოს შესანარჩუნებლად ის დამზადებიდან მალევე უნდა იქნეს მოხმარებული.“

ამ ბუნებრივ სიფაქიზეს პრაქტიკული მაგალითებიც ადასტურებს. იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურში არსებული 65-ჰექტარიანი პლანტაციების მოვლა-პატრონობა სწორედ ამ პრინციპებს ეფუძნება, სადაც ზამთრის „ძილი“ ბუჩქებს ბუნებრივად იცავს მავნებლებისგან.

კომპანია „ოქროს ფოთოლის“ დამფუძნებელი და დირექტორი, ირაკლი ცერცვაძე ყურადღებას ამახვილებს როგორც პროდუქტის ბიოლოგიურ სისუფთავეზე, ისე ცნობადობის გაზრდის აუცილებლობაზე:

ჩვენთან ზამთრის პერიოდში ბუჩქები იძინებს, რაც მავნებლების ბუნებრივ დახოცვას იწვევს. შესაბამისად, ბუჩქების ქიმიკატებით დამუშავება არ გვჭირდება. მიუხედავად იმისა, ფლობს თუ არა კომპანია ოფიციალურ სერტიფიკატს, ქართული ჩაი მოყვანის სპეციფიკით პრაქტიკულად ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტია. ამასთან, დარგი ათწლეულების განმავლობაში გაჩერებული იყო. მსგავსი პროექტები და მედიატურები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პიარისა და ჩაის პოპულარიზაციის კუთხით, რათა მომხმარებელს ხელახლა გავახსენოთ ქართული ჩაის უნიკალურობა.“

თუმცა, უნიკალური ბუნებრივი პოტენციალის მიუხედავად, პლანტაციიდან მომხმარებლამდე სავალი გზა სავსეა გამოწვევებით. ადგილობრივ მწარმოებლებს უწევთ გამკლავება ცოდნისა და გამოცდილების დეფიციტთან, მაღალ თვითღირებულებასთან, მუშა-ხელის ნაკლებობასთან და ქსელურ მარკეტებთან ურთიერთობის სირთულეებთან.

მიტოვებული პლანტაციების აღდგენის რთულ გზასა და საერთაშორისო გამოცდილების ათვისებაზე იხსენებს კომპანია „გრინგოლდის“ დამფუძნებელი და ჩაის მწარმოებელი, ნიკა სიორიძე:

თავიდან ძალიან დიდი გამოუცდელობა გვქონდა. შემდგომში ჩამოვიყვანეთ სპეციალისტები ჩინეთიდან, ტაივანიდან და ნეპალიდან. მათი დახმარებითა და ჩვენი ექსპერიმენტებით შევძელით უნიკალური გემოების შექმნათუ ადრე მხოლოდ შავი და მწვანე ჩაი მოიაზრებოდა, დღეს 25 სახეობის პროდუქცია გვაქვს. ჩვენი მთავარი პრინციპია მეტი ცოდნის მიღება და სწავლა, რადგან ბუნებრივი პოტენციალის სწორად გამოყენებას დიდი შრომა და ტექნოლოგიური ცოდნა სჭირდება. ჩვენი მთავარი მიზანია, გაერთიანების ფარგლებში უფრო მეტი ვიშრომოთ, მეტი ვისწავლოთ და ქართული ჩაის უნიკალური იდენტობა მთელ მსოფლიოს გავაცნოთ.“

ბაზრის მოთხოვნებსა და ადგილობრივი სარეალიზაციო ჯაჭვის ბარიერებზე ფოკუსირდება კომპანია „ჯჯჯ“-ს (ბრენდი „ჩაი მარტვილი“) თანადამფუძნებელი, გენადი გარჩაგოდაშვილი:

ჩვენი სექტორული გაერთიანება ძალიან კარგი და საჭირო წამოწყებაა. ერთმანეთს ნამდვილად ვაძლიერებთ. Helvetas-ის დახმარებით უკვე გამოჩნდა კონკრეტული შანსები, რომ უფრო მეტად გავიდეთ ევროპის ბაზარზე და ვიპოვოთ ახალი პარტნიორები. ტრადიციულ შავ ბაიხის ჩაიზე უზარმაზარი მოთხოვნაა, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრებას ქსელური მარკეტების მაღალი გადასახადები და ბიუროკრატიული ბარიერები ართულებს.“

სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ და ქართული ჩაის პოტენციალის გასაერთიანებლად შეიქმნა დარგობრივი ორგანიზაცია საქართველო - ჩაის რესპუბლიკა. Helvetas-ისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით, პროექტმა საერთაშორისო მასშტაბები შეიძინა. დღეს აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა წარმოების ევროპულ სტანდარტებთან მოარგებაზე, საექსპორტო ბაზრების ათვისებასა და ქართული პროდუქტის ცნობადობის ამაღლებაზე.

ევროპულ ბაზარზე გადადგმულ რეალურ, შედეგიან ნაბიჯებზე საუბრობს ჩაის მწარმოებელთა ორგანიზაცია „საქართველო - ჩაის რესპუბლიკის“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მაისურაძე:

საგარეო ბაზრებზე ინტერესი მზარდია, განსაკუთრებით ევროპასა და აზიაში, სადაც განსაკუთრებით აფასებენ პრემიუმ, ორგანულ და იშვიათი წარმომავლობის ჩაის. შვეიცარიული ორგანიზაცია Helvetas-ის თანადგომითა და ტექნიკური მხარდაჭერით დავაფუძნეთ ქართული ჩაის მწარმოებელთა გაერთიანებასაქართველოჩაის რესპუბლიკა“. მათი ფინანსური და ტექნიკური დახმარებით, ივლისის დასაწყისში გაერთიანების რამდენიმე წევრი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესა და სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA) დირექტორის მოადგილესთან ერთად, სასწავლო-სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდით გერმანიაში, კერძოდ ბერლინსა და ჰამბურგში. საქართველოს საელჩოს ჩართულობით მოვაწყვეთ ქართული ჩაის კონგრესი, სადაც მოწვეული გვყავდა გერმანული მსხვილი იმპორტიორი და ბლენდერი კომპანიები. კონგრესის ფარგლებში გაიმართა ქართული ჩაის პრეზენტაცია, დეგუსტაციისა და B2B შეხვედრები. ქართულმა ჩაიმ მათგან საკმაოდ დადებითი შეფასება მიიღო და პირველი საცდელი შეკვეთებიც კი მოგვცეს.“

ამ საერთო ძალისხმევასა და სექტორული გაერთიანების მომავალს თენგიზ სვანიძეც ოპტიმიზმით უყურებს:

შვეიცარიული მხარდაჭერით შეიქმნა ახალი ძლიერი გაერთიანება. მოვუწოდებ ყველა ქართველ მეჩაიეს, გაერთიანდესჩაის რესპუბლიკაში“, რადგან პირველად გაჩნდა რეალური საფუძველი იმისა, რომ დარგში მნიშვნელოვანი და პოზიტიური ცვლილებები განხორციელდება.“

დასავლეთ საქართველოში გამართულმა ორდღიანმა მედიატურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა: ქართულ ჩაის აქვს ყველა ბუნებრივი და ტექნოლოგიური წინაპირობა, რომ დაიკავოს ღირსეული ადგილი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ხოლო „Helvetas“-ის მხარდაჭერა და მეწარმეთა გაერთიანება „საქართველო - ჩაის რესპუბლიკა“ ქმნის მყარ პლატფორმას, რომელიც ამ პოტენციალს რეალურ ეკონომიკურ წარმატებად აქცევს.

 

გამოგვყევით