logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"ველოდებით, რომ წელს მოსავალი 40%-ით გაიზრდება" - ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაცია

2026 წელს როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში ლურჯი მოცვის მოსავლის ზრდას ელიან.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Galt&Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა დაჩი მუჯირიშვილმა განუცხადა, თუ 2025 წელს მთელ მსოფლიოში მოცვის მოსავალი 2.5 მილიონი ტონა იყო, ანალიტიკოსები წელს ამ მონაცემის 2.8 მილიონ ტონამდე ზრდას პროგნოზირებენ. 2028 წლისთვის კი, ნავარაუდევია, რომ ლურჯი მოცვის საერთაშორისო მოსავალი 3 მილიონ ტონას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს.

„მოსავლის რაოდენობის ზრდის მიზეზი ლურჯის მოცვის მთავარ ექსპორტიორ ქვეყანაში, ანუ - პერუში ლურჯი მოცვის ბაღების ფართობების ზრდაა. აღსანიშნავია, რომ მოსავლის ზრდაა ნავარაუდები სხვა ექსპორტიორ ქვეყნებშიც, მათ შორის, ჩილეში“, -განმარტა დაჩი მუჯირიშვილმა.

მოსავლის ზრდას ელიან საქართველოშიც. ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი, შოთა ცუკოშვილი ამბობს, რომ რამდენიმე დღეა, რაც ქვეყანაში ლურჯი მოცვის აღების პროცესი დაიწყო და ის აქტიურ ფაზაში მალე შევა.

„წელს, ცუდი კლიმატური პირობების გამო, მოსავლის აღების პერიოდმა 2 კვირით გადაიწია. თუ ზოგადად, ლურჯი მოცვის მოსავალს საქართველოში მაისის შუა რიცხვებიდან ივლისის შუა რიცხვებამდე პერიოდში იღებენ, წელს ლურჯი მოცვის კრეფა ივნისის პირველ კვირაში დაიწყო. ველოდებით, რომ ქვეყანა მიმდინარე წელს ამ სექტორიდან 10 ათას ტონაზე მეტ მოსავალს მიიღებს, რაც 40%-ით მეტი იქნება 2025 წლის მონაცემზე“, - აღნიშნა შოთა ცუკოშვილმა.

მისივე ინფორმაციით, წლიდან წლამდე, საქართველოში როგორც მიღებული მოცვის მოსავალი, ისე ამ პროდუქტის ხარისხი იზრდება. მიზეზი გუამჯობესებული ინფრასტრუქტურა და ფერმერებს შორის უკვე დაგროვილი აგრონომიული ცოდნაა.

სექტორის გაძლიერებისა და გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაცია პერიოდულად ფერმერებისთვის ტრენინგებსაც მართავს, რამაც საბოლოო ჯამში, ქვეყანაში არსებული ლურჯი მოცვის ბაღების ზრდაზეც იქონია გავლენა. ამჟამად, საქართველოში მოცვი 3000 ჰექტარზეა გაშენებული.

გამოგვყევით