logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

ComCom-მა ITU-სთან ერთად ციფრული რეგულირების ქსელის მმართველი საბჭოს შეხვედრას უმასპინძლა

ComCom-მა ITU-სთან ერთად ციფრული რეგულირების ქსელის მმართველი საბჭოს შეხვედრას უმასპინძლა

1770719836

კომუნიკაციების კომისიამ, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირთან (ITU) ერთად, საქართველოში ციფრული რეგულირების ქსელის (DRN) მმართველი საბჭოს შეხვედრა გამართა, რომლის მიზანს  მარეგულირებელი რეფორმისა და საინვესტიციო ანალიზის მიმართულებით სტრატეგიული ინსტრუმენტების განხილვა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა. შეხვედრა ორ ნაწილად ჩატარდა: მაღალი დონის შესაძლებლობების განვითარების სემინარი ITU-ს სტრატეგიული ინსტრუმენტების შესახებ და DRN-ის მმართველი საბჭოს სხდომა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით ComCom-ის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და ITU-ს ევროპის ოფისის დირექტორმა, იაროსლავ პონდერმა გახსნეს.

„კომუნიკაციების კომისიაში DRN-ში მონაწილეობას აღვიქვამთ როგორც აქტიურ ინსტიტუციურ წვლილს გლობალურ მარეგულირებელ ეკოსისტემაში. DRN-ში და შესაბამისად, ღონისძიების ფარგლებშიც, კომისია აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელ ქსელსაც (EaPeReg) წარმოადგენს. ეს კი თავის მხრივ უზრუნველყოფს, რომ საქართველოსა და რეგიონის გამოცდილება ბაზრის გახსნის, კონკურენციის გაძლიერების, ინვესტიციების წახალისებისა და ციფრული ჩართულობის მიმართულებით ITU-ს გლობალურ დისკუსიებსა და დოკუმენტებში აისახოს, მათ შორის, მარეგულირებელთა გლობალური სიმპოზიუმის (GSR) საუკეთესო პრაქტიკის სახელმძღვანელო პრინციპებში. DRN-ის მმართველი საბჭოს შეხვედრის მასპინძლობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს წამყვან როლს რეგიონში და მის ციფრულ ხედვას, იყოს სანდო პარტნიორი საერთაშორისო მარეგულირებელ და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველ სივრცეში“ - განაცხადა ეკატერინე იმედაძემ.

ღონისძიების ფარგლებში ITU-ს მარეგულირებელი საკითხებისა და ბაზრის გარემოს განყოფილების უფროსმა, აჰმედ ალრაგჰმა, წარადგინა მოხსენება საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) პოლიტიკისა და რეგულაციების განვითარების თვალსაზრისით ITU-ს პროდუქტებსა და სერვისებზე. ამასთან ერთად, მან აუდიტორიას წარუდგინა გლობალური ეკონომიკური მოდელის კვლევა (GEMS) და ისაუბრა, თუ როგორ შეიძლება აღნიშნული მეთოდოლოგიით ციფრული ტრანსფორმაციის ეკონომიკური გავლენის შეფასება.

შესაძლებლობების განვითარების სემინარზე მომდევნო პრეზენტაცია თემაზე - დაკავშირებადობის დაგეგმარების პლატფორმა (CPP) - ITU-ს სამომავლო ქსელებისა და სპექტრის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვალიდ მატლუთმა, წარმოადგინა. მსჯელობა შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის მარეგულირებელი ორგანოების მიერ ე.წ. „თეთრი ზონების“ განსაზღვრა CPP-ის მეშვეობით, რათა შესაძლებელი გახდეს აღნიშნულ ტერიტორიებზე ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა.

ციფრული რეგულირების ქსელის (DRN) მმართველი საბჭოს სხდომას საბჭოს წევრები - ComCom-ის წევრი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების ქსელის (EaPeReg) წარმომადგენელი, ეკატერინე იმედაძე, კომუნიკაციების, საუდის არაბეთის კოსმოსისა და ტექნოლოგიების კომისიის (CST) მმართველის მოადგილე და ტელეკომუნიკაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების არაბულ მარეგულირებელთა ქსელის (AREGNET) წარმომადგენელი, ომარ ალ რეჯრაჯი, კონგოს რესპუბლიკის საფოსტო და ელ. კომუნიკაციების მარეგულირებელი სააგენტოს (ARPCE) გენერალური დირექტორი და ცენტრალური აფრიკის ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელთა ასამბლეის (ARTAC) თავმჯდომარე, ლუის მარკ საკალა და კვიპროსის კომუნიკაციების კომისიის ოფისის კომუნიკაციების კომისრის მოადგილე და ევროკავშირისა და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელის (EMERG) თავმჯდომარე, პეტროს გალიდესი დაესწრნენ. ამავდროულად, სხდომაში დისტანციურად მონაწილეობდნენ ITU-ს ტელეკომუნიკაციების განვითარების ბიუროს დირექტორი, კოსმას ზავაზავა და ტელეკომუნიკაციის რეგიონული ტექნიკური კომისიის (COMTELCA) წარმომადგენელი, ჰექტორ ლისაგარა.

საბჭოს წევრებმა სხდომაზე განიხილეს DRN-ის საქმიანობა და განხორციელებული აქტივობები; იმსჯელეს 2026 წლის მარეგულირებელთა გლობალური სიმპოზიუმისთვის (GSR-26) საუკეთესო პრაქტიკის სახელმძღვანელო პრინციპებისა (BPG) და გლობალური ეკონომიკური მოდელის კვლევის (GEMS) განახლებული ანგარიშის შესახებ.

გამოგვყევით