საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა რეგიონში ტექნოლოგიური განვითარების კუთხით,“ - ამის შესახებ პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია "ლინეიტის" ბიზნეს განვითარების მენეჯერმა თორნიკე სულაბერიძემ “ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ამაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით „ლინეიტიც“ საქართველოშია და ასევე 150-მდე კომპანია, რომელიც საერთაშორისო კომპანიის სტატუსით სარგებლობს.
„ჩვენს ქვეყანაში ხელშემწყობი მექანიზმები არსებობს, რითაც უცხოურ ინვესტიციებს ვიზიდავთ, მათ შორის ტექნილოგიურ სფეროში. ამის პოტენციალი ნამდვილად გაგვაჩნია,“-აცხადებს თორნიკე სულაბერიძე.
"ლინეიტის" ბიზნეს განვითარების მენეჯერი გამოწვევებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ერთ-ერთი ასეთი კადრების დეფიციტია.
„სწორედ ამიტომ, ჩვენმა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ შიდა გადამზადების პროგრამა განგვეხორციელებინა. ჩვენ დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ უფასო კურსებს, ამას ჩვენ 2 წლის განმავლობაში ვახორციელებთ. ერთ-ერთი გამოწვევა იყო ბინადრობის უფლებები, თუმცა სახელმწიფო მუშაობს რომ შემოიღოს გრძელვადიანი IT ბინადრობის უფლება,რაც პროცესს გაამარტივებს. ბევრი კომპანია, ვინც საქართველოში გადმოვიდა, მათთან ერთად უცხოელი თანამშრომლების შემოდინებაც მოხდა და დღეს თუ ჩვენ სტატისტიკას შევხედავთ, არსებობს გადინება. ჩვენ ერთი რამე უნდა გავაცნობიეროთ, რომ კადრების დეფიციტი არსებობს ბაზარზე და დღეს მისი აღმოფხვრა ხდება მოკლევადიანად, რელოკაციით გადმოსული ადამიანებით. ეს ადამიანები თუ ქვეყნიდან გასვლას დაიწყებენ, ეს სექტორიც შემცირდება. შესაბამისად, დრო უნდა მოვიგოთ და ეს ადამიანები საქართველოში უნდა დარჩნენ, ამავდროულად უნდა გადავამზადოთ ადგილობრივი ტალანტები, რომლებიც შემდეგ უკვე მათ ჩაანაცვლებენ,"-აცხადებს თორნიკე სულაბერიძე.
შეგახსენებთ, ამერიკული „ლინეიტი“ - IT კომპანიაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის, FDI გრანტის ფარგლებში 2 წლის წინ შემოვიდა.