მიმდინარე საზღვაო სეზონს ჩვენ ვხვდებით მომზადებულები: განახლებული ტურისტული სერვისებით, პროდუქტებით, ბილიკებით, დატვირთული ღონისძიებების კალენდარით, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, თინათინ ზოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ტურიზმის სექტორი აჭარის რეგიონში განსაკუთრებული პრიორიტეტია.
„აჭარის მთავრობა, კერძო სექტორთან ერთად, ძალიან აქტიურად მუშაობს, რომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აუცილებელია საზღვაო სეზონამდე, მოწესრიგდეს და მოგვარდეს იმისთვის, რომ ჩამოსულ ვიზიტორებს სათანადოდ დავხვდეთ. ამასთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. სიამაყით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ აჭარაში სტატისტიკური მონაცემებით, ვიზიტების რაოდენობა მუდმივად მზარდია. საშუალოდ, წლის განმავლობაში, რეგიონში 4.8 მილიონი ვიზიტი ხორციელდება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებული მატება გვაქვს მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე და იქ ვიზიტების რაოდენობა უკვე ნახევარ მილიონს აღწევს უკვე“, - განმარტა თინათინ ზოიძემ.
მისივე განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონის მთავარ სტრატეგიაზე - გახდეს ოთხი სეზონის წამყვანი, კონკურენტუნარიანი, მსოფლიო დონის ტურისტული მიმართულება , აქტიურად გაგრძელდეს მუშაობა .
„ჩვენ - კერძო სექტორთან ერთად, ვმუშაობთ ისეთ პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობს ერთი მხრივ იმას, რომ ჩვენი რეგიონი კიდევ უფრო პოპულარული გახდეს და კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს ჩვენი მდიდარი შესაძლებლობების შესახებ; მეორე მხრივ კი - რა თქმა უნდა, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაცია მოხდეს, გაუმჯობესდეს სერვისები. ამ ნაწილშიც უკვე დიდი წარმატება გვაქვს. მეტიც, აჭარაში მხოლოდ საზღვაო ზოლი აღარ მიიჩნევა ტურისტების მიზიდულობის ცენტრად, უკვე ჩვენი ყველა მუნიციპალიტეტი მასპინძლობს ვიზიტორებს. წელსაც, კვების ობიექტები, სასტუმროები, ახალი ტურისტული სერვისებითა და განახლებული სახით უმასპინძლებენ დამსვენებლებს“, - აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ.
ცნობისთვის, 20-21 ივნისს, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად გაიხსნება. ფესტივალი ტრადიციულად ანბანის კოშკის მიმდებარედ გაიმართება და მასზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეეძლებათ.