logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

თიანეთში, სასტუმრო Le Meridien Sioni Lake Resort & SPA 2026 წელს გაიხსნება

თიანეთში, სიონის ტბის  სიახლოვეს, პირველად, საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო კომპლექსი ამოქმედდება.

როგორც პროექტის განმახორციელებელ კომპანია Hotel Property Management Co.-ში (HPM) “ბიზნესპარტნიორს“ განუცხადეს, მრავალმილიონიანი საინვესტიციო კომპლექსი  ზღვის დონიდან 1086 მეტრზე, თბილისიდან 60 კმ სავალზე, სიონის წყალსაცავთან 15 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე მოეწყობა.

პროექტი აერთიანებს  126 ნომრიან ბრენდულ სასტუმროს – Le Meridien Sioni Lake Resort & SPA by Marriott, 410 ნომრიან სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ კომპლექსს და 25 კერძო ვილას.

კომპლექსი გააერთიანებს სპორტულ ცენტრებს, ჩოგბურთისა და კალათბურთის მოედნებს, სარეკრეაციო ზონებს, ღია და დახურულ საცურაო აუზებს, შიდა და გარე სათამაშო მოედნებს, საკონფერენციო დარბაზებს, სპა ცენტრს, რესტორნებსა და ბარ-ლაუნჯებს. ასევე, ტერიტორიაზე მოეწყობა საწყალოსნო სპორტის ატრაქციები და აკვაპარკი.

HPM-ის ინფორმაციით,  სასტუმრო კომპლექსი პირველ სტუმარს 2026 წლის ბოლოს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ კომპლექსის არქიტექტურული პროექტი  Chapman Taylor's Madrid Studio-მ შეიმუშავა, ხოლო სასტუმროს ინტერიერის დიზაინზე ბრიტანული კომპანია De Salles Flint-ი მუშაობს. პროექტის განვითარებაში როგორც საერთაშორისო, ისე ქართული კომპანიებია ჩართული.

მიმდინარე პერიოდისთვის კომპანიის მიერ უკვე განხორციელებულია 1.5 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია და მთლიანი საინვესტიციო ვალდებულების ბიუჯეტი აჭარბებს 100 მლნ ლარს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ეტაპისთვის აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, სადაც დასაქმებულია 80-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი. სამუშაოების განვითარების შესაბამისად, აღნიშნული დასაქმებულთა რიცხვი გაიზრდება 250 ადამიანამდე. ხოლო კომპლექსის ექსპლოატაციის შემდეგ მუდმივთა დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენს 200 ადამიანს.

გარდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა, აღნიშნული პროექტის მშენებლობის დაწყების დღიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა, როგორც უძრავი ქონების, კერძოდ მიწის საბაზრო ღირებულება, რაც დამატებითი ეკონომიკური აქტივობის წინაპირობა არის. აღნიშნულ ლოკაციაზე როგორც სასტუმროს განვითარება, ისე, სხვადასხვა კერძო საკუთრების განვითარება უზრუნველყოფს, როგორც უშუალოდ რაიონის, ისე მცხეთა-თიანეთის რეგიონში ახალი ტურისტული მარშუტების განვითარებას, რაც დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

გამოგვყევით