"ჩინეთი უდავოდ მსოფლიოში ნომერ პირველია ინფრასტრუქტურის მშენებლობის სფეროში, მას სურვილი აქვს, საქართველოსთან თანამშრომლობა გააძლიეროს რკინიგზის, პორტების, მაგისტრალებისა და სხვა სფეროებში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ურბანული ინფრასტრუქტურის განახლებასა და გაუმჯობესებაში,"- ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
ბევრი ჩინური კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს ქართულ მხარესთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის თაობაზეც, რაც, მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, - აცხადებს ჭოუ ციენი.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მრავალი შესაძლებლობა არსებობს. მათ შორის, ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა, ტრანსსასაზღვრო ელექტრონული კომერცია, ლოგისტიკა და ტრანსპორტირება, ენერგეტიკული და ციფრული ჰაბების შექმნა, ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე და მეორადი ავტომობილები და სხვა.
კითხვაზე, ექნება თუ არა ჩინურ მხარეს ვაზიანში ახალი აეროპორტის პროექტის მიმართ ინტერესი, ჭოი ციენი აღნიშნავს:
„რა თქმა უნდა, ჩინეთის ინდუსტრიალიზაცია ისეთ დონეზეა, რომ ბევრ ქვეყანას აქვს ინტერესი მასთან თანამშრომლობის. როგორც აღვნიშნე საქართველოს ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ მრავალი ჩინური კომპანიის ყურადღებაც მიიპყრო. შესაძლებლობა თუ იქნება, ვიმედოვნებთ, ორ მხარეს შორის ახალი თანამშრომლობაც შედგება ამ პროექტზე. იმედი გვაქვს, შედგება“.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიმდინარე წლის 8 აპრილის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ რამდენიმე წელიწადში თბილისს სრულიად ახალი, ულტრათანამედროვე აეროპორტი ექნება.
პრემიერის განცხადებით, ახალი აეროპორტის მშენებლობა იძლევა 19 მილიონამდე მგზავრების რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობას შემდგომი გაფართოების პერსპექტივით.