logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ამერიკულ ბაზარზე ქართული ღვინო გზის დასაწყისშია" - გიორგი მარგველაშვილი

ამერიკულ ბაზარზე ქართული ღვინო გზის დასაწყისშია, - ამის შესახებ "თბილღვინოს" თანადამფუძნებელმა გიორგი მარგველაშვილმა  "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქართული ღვინის პოპულარობის ერთგვარი მცირე ტალღა არსებობს, თუმცა არსებობს შანსი, რომ ქართულ ღვინოზე მოთხოვნა დიდ ტალღაში გადაიზარდოს.

გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, მსხვილ ბაზრებზე ადგილის დამკვიდრებისთვის ქართული ღვინო საუკეთესო ნიმუშებით და პრემიალური საფასო სეგმენტით უნდა იყოს წარმოდგენილი. 

"აშშ-ის ბაზარზე პოპულარობა უნდა მოვიპოვოთ და "ტრენდული" რეგიონი უნდა გავხდეთ.  ქართულ ღვინოზე მოთხოვნა რა თქმა უნდა, გაზრდილია, თუმცა ღვინის ექსპერტების და მოვაჭრე სპეციალისტების ცნობიერებაში. ეს არის პირველი ეტაპი და შემდეგი ეტაპი უნდა იყოს, რომ საბოლოო მომხმარებლისთვის საინტერესო, უნიკალური ღვინო უნდა გავხდეთ. 

ტოპ 10 ბაზარი არსებობს, რომელიც ღვინის იმპორტის კუთხით მსხვილ ბაზარს წარმოადგენს და აშშ-ს პირველი ადგილი უკავია. შესაბამისად, ჩვენმა კომპანიამ  პრემიალური ღვინოების სპეციალური კოლექცია შექმნა, რომლითაც გვინდა, რომ ამ ბაზრებზე თავი დავიმკვიდროთ. ყველა ღვინოს თავისი რეალიზაციის არეალი აქვს, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ახალ ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას ვცდილობთ, მაგალითად, როგორიც არის აშშ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია და ა.შ. ამ შემთხვევაში ყველაზე სწორი სტრატეგია საუკეთესო ნიმუშების წარდგენაა. ჩვენს ღვინოში  დიდი ძალისხმევა იდება და შესაბამისად, ეს ღვინო არის პრემიალური საფასო სეგმენტის და სწორედ ასეთი ღვინოებით უნდა იწყებოდეს ახალ ბაზარზე ადგილის დამკვიდრება და იმიჯის შექმნა. ჩვენ ამ კუთხით უფრო წინ ვართ დიდ ბრიტანეთში, სადაც შევძელით, რომ ყველაზე მოთხოვნადი ქართული ღვინო გავმხდარიყავით", - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

ცნობისთვის,“თბილღვინო” ქართული ღვინის მწარმოებელი წამყვანი კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციაც ექსპორტზე მსოფლიოს 25 ქვეყანაში გადის. 

“თბილღვინოს” ისტორია გასული საუკუნის 60-იან წლებში იწყება. 1962 წელს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. დაარსებიდან დღემდე, "თბილღვინომ" უდიდესი აღიარება და უამრავი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ლონდონის საერთაშორისო კონკურსებზე: Decanter World Wine Awards, International Wine Challenge და International Wine & Spirit Competition.

„თბილღვინოს“ ვენახებში გაშენებულია სხვადასხვა ქართული ყურძნის ჯიში და მდებარეობს ქინძმარაულის, მუკუზნის და წინანდლის მიკროზონებში. 

გამოგვყევით