logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ბაზარზე არსებული ბრენდების განვითარებას ვაგრძელებთ - წელს, 3 ახალი ფილიალის დამატებას ვგეგმავთ" - სინომი რითეილი

ბაზარზე არსებული ბრენდების განვითარებას ვაგრძელებთ - 2026 წელს, 3 ახალი ფილიალის დამატებას ვგეგმავთ, - ამის შესახებ "სინომი რითეილის" ხელმძღვანელმა რევაზ მაღალაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, გაფართოების პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და აღნიშნული ფილიალები თბილისსა და ბათუმში გაიხსნება. 

"ჩვენ 20-მდე ბრენდი გვაქვს საქართველოში და 100-მდე ბრენდი ჯგუფში, სხვადასხვა ქვეყანაში. დამატებით 3 მაღაზიის მიმართულებით დაახლოებით, 1 მლნ ლარი დაიხარჯება. ჩვენ უფრო მეტად ორიენტირებული ვართ სავაჭრო ცენტრებზე. დაგეგმილი სამი ფილიალიდან  - 2 სავარაუდოდ, სავაჭრო ცენტრში იქნება და მესამე -  ქუჩის რითეილი. ჩვენი უფრო მეტად მნიშვნელოვანი პროექტები დამოკიდებული იქნება ახალი მოლების გახსნაზე და ამაზე ვართ დამოკიდებული. ვიცით, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში ახალი სავაჭრო ცენტრები გაიხსნება და შესაბამისად, საინტერესო პროექტები იქნება", - აცხადებს რევაზ მაღალაშვილი.

რაც შეეხება გასულ 2025 წელს - როგორც რევაზ მაღალაშვილმა აღნიშნა 2025 წელი რეკორდული იყო და კომპანიის გაყიდვები, დაახლოებით, 25%-ით გაიზარდა.

"გაყიდვების ზრდა ცალკეულ ადგილებში 25%-ზე მეტი იყო, მაგალითად, ბათუმში 50%-მდე ზრდა იყო. ზოგადად, ხარჯვა არის გაზრდილი. ნაკადი გაიზარდა, თუმცა უფრო მეტად ხარჯვის ზრდის გამო არის გაზრდილი გაყიდვები. ვფიქრობ, რომ ამას ხელი შეუწყო ზოგადად ბაზრის განვითარებამ და ბანკების აქტიურობამ შეთავაზებების კუთხით", - აღნიშნა რევაზ მაღალაშვილი. 

ცნობისთვის, კომპანია „სინომი რითეილი" საქართველოში, კერძოდ თბილისში 2012 წლიდან „რითეილ გრუპ ჯორჯიას “სახელით ოპერირებდა, 2023 წლის თებერვალში რებრენდინგის შედეგად კომპანიას სახელი შეეცვალა. "სინომი რითეილი" წარმოადგენს 19 საერთაშორისო ბრენდს და ფლობს 80-ზე მეტ მაღაზიას თბილისის მასშტაბით.

2023 წლის მეოთხე კვარტალში კომპანიამ ბათუმში ეტაპობრივად გახსნა 10 წამყვანი  საერთაშორისო ბრენდი, როგორიცაა: Zara, Massimo Dutti, Mango, OYSHO, Stradivarius, Kiko Milano, Sunglass Hut, Parfois, Aldo, Charles & Keith.

გამოგვყევით