ბაზრის ახალი ლიდერია "დეილი ჯგუფი" ბრენდული ქსელების შემოსავლის 27.5%-ით, ხოლო მთლიანი ბაზრის 11%-იანი წილით. ამის შესახებ galt & Taggart-ის FMCG ბაზრის კვლევაშია აღნიშნული.
საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, 2024 წელს,ერთი ჰოლდინგის ქვეშ გაერთიანდნენ შპს ფუდმარტი (ბრენდებით სპარი, იოლი და კალათა), შპს დეილი, შპს გვირილა რითეილი (გვირილა) და შპს რითეილ ჯგუფი (მაგნიტი). შედეგად, დეილი ჰოლდინგი ფლობს 1,600-ზე მეტ მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით. 2024 წლის გაყიდვებში, დეილი ჯგუფი ქსელური ბაზრის 27.5%-ს იკავებს.
მეორე ადგილზეა ორი ნაბიჯი, 17.0%-იანი წილით, ხოლო მესამეზე ნიკორა 16.4%-იანი წილით. ჯამში ტოპ-5 კომპანია ორგანიზებული ბაზრის 74.9%-ს იკავებს, ხოლო დანარჩენი 25.1% მოდის შედარებით მცირე ზომის 40-მდე კომპანიის მაღაზიებზე. თბილისსა და რეგიონებში წილობრივი გადანაწილება განსხვავებულია.
galt & Taggart-ის კვლევის მიხედვით, თბილისში FMCG ბაზრის ზომამ ₾11.3 მლრდ (ჯამურის 49.9%) შეადგინა 2024 წელს, ხოლო დანარჩენ რეგიონებში ჯამურად ₾11.4 მლრდ-ს შეადგენს.
2024 წელს, ბრენდული მაღაზიების ქსელს 500- მდე ახალი მაღაზია დაემატა, აქედან დაახლოებით 350 რეგიონში, დანარჩენი თბილისში. შედეგად მაღაზიების რაოდენობა თბილისსა და რეგიონებში გათანაბრდა. რეგიონებში ბრენდული ქსელების შემოსავლები წლიურად 23.6%-ით გაიზარდა, ხოლო თბილისში 9.3%-ით, რის გამოც თბილისის წილი ჯამურ შემოსავლებში 57.8%-მდე შემცირდა 2024 წელს (58.9% იყო 2023 წელს). ჩვენი მოლოდინით, რეგიონში გაფართოების მაღალი ტემპი მომავალშიც გაგრძელდება.
"2024 წლის შეფასებით, გაფართოებისთვის ყველაზე მიმზიდველი საქართველოს რეგიონებია აჭარა და ქვემო
ქართლი, ხოლო თბილისის უბნებიდან საბურთალო, გლდანი და სამგორი. ამავე კვლევის მიხედვით, FMCG ბაზარი წლიურად 2025-28 წლებში საშუალოდ 8.0%-ით გაიზრდება.
FMCG ბაზრის ზრდის წარმმართველი ფაქტორი იქნება მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის ზრდა. ამასთან, ბრენდული ქსელები სხვა ფორმატებზე მაღალი ტემპით ზრდას განაგრძობს გეოგრაფიული ექსპანსიის, გაყიდვების ფორმატების და ასორტიმენტის დივერსიფიკაციის და სხვა სტრატეგიული განვითარების ხარჯზე",-ნათქვამია galt & Taggart-ის კვლევაში.