მეღვინეობა "ხედი" ამერიკის ბაზარზე გასასვლელად ემზადება. ამის შესახებ მეღვინეობის დამფუძნებელმა თამაზ ჭუმბაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მოლაპარაკებების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. აღსანიშნავია ისიც, რომ მეღვინეობა "ხედი"-სთვის ამერიკა პირველი საექსპორტო ბაზარი იქნება.
თამაზ ჭუმბაშვილის თქმით, მეღვინეობისთვის ადგილობრივ ბაზარზე პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდა უმნიშვნელოვანესია, თუმცა ასევე, აუცილებელია ექსპორტის მიმართულების აქტიურად განვითარება.
„ჩვენი მიზანია ღვინო ყველა ადამიანის გემოვნებისთვის გვქონდეს და შესაბამისად, რაოდენობაზე მეტად სახეობების ზრდაზე ვმუშაობთ. ახალი სახეობების დამატების შემდეგ კი, საექსპორტო ბაზრების განვითარების მიმართულებით უფრო აქტიურად ვიმუშავებთ“, - აცხადებს თამაზ ჭუმბაშვილი.
მეღვინეობის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე, მათ მიერ წარმოებული ღვინის 100% ადგილობრივ ბაზარზე - ღვინის მაღაზიებსა და რამდენიმე რესტორანში იყიდება.
"ჩვენი მეღვინეობა ადგილობრივი ბაზრის ათვისებაში 2025 წელს ჩაერთო. წარმოების პოლიტიკა კი მომხმარებლების სურვილების დაკმაყოფილებაზე არის დაფუძნებული. სწორედ ამიტომ ჩვენი მიზანია მომხმარებლებს რაც შეიძლება მეტი სახეობის, მაგრამ ლიმიტირებული რაოდენობის ღვინო შევთავაზოთ. ამჟამად, ვაწარმოებთ 11 სახეობის ღვინოს, რომლის საერთო რაოდენობა 12 000 ბოთლია. სამომავლოდ ჩვენი მომხმარებლებისთვის აუცილებლად უფრო მეტი მრავალფეროვნება გვექნება. ჩვენი მიზანია დავაკმაყოფილოთ ყველა გამოვნებისა და ხასიათის ადამიანი. ამჟამად, ბოთლში ჩამოსხმულია 5 სახეობის ღვინო. აქედან, 3-მა სახეობამ ქვევრის საერთაშორისო კონკურსში ვერცხლის მედალი მოიპოვა - ესენია რქაწითელი, საფერავი და ქისი-რქაწითელი, ხოლო ბრინჯაოს მედალი გადაეცა ქისი-ხიხვს. დანარჩენ 6 სახეობის პოტენციურად ოქროს მედალოსან ღვინოებს ჩამოსასხმელად ვამზადებთ. ჩვენთან ძირითადად ღვინის დაყენება ქვევრის ტექნოლოგიით ხდება, ასევე გვაქვს კლასიკური ღვინოებიც", - აცხადებს მეღვინეობის დამფუძნებელი.
რაც შეეხება ღვინის საფასო კატეგორიას - თამაზ ჭუმბაშვილი აღნიშნავს, რომ მეღვინეობა „ხედის“ ღვინოები არის როგორც საშუალო საფასო კატეგორიის, ისე პრემიალური.
ცნობისთვის, მეღვინეობა „ხედი“, რომელიც ლაგოდეხის რაიონში, სოფელ ჭაბუკიანში მდებარეობს ღვინოს 2017 წლიდან აწარმოებს. 2017 წლიდან მეღვინეობა სახასიათო გემოსა და არომატების მისაღებად ექსპერიმენტებს ატარებდა, ხოლო 2022 წელს პირველი 5 სახეობის ღვინო ჩამოისხა, რომლებიც 3 წლის განმავლობაში ბოთლში ძველდებოდა. მეღვინეობა “ხედი” ღვინის მარანს, აუზს, სასტუმროს, იმერულ ოდასა და ვენახს მოიცავს.