ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა,წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, 35%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ "კოდალას" დამფუძნებელმა კოტე სვანიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად კომპანიის პროდუქციის 80% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, ხოლო 20% უცხოურ ბაზარზე.
"ადგილობრივ ბაზარზე საკმაოდ მზარდია მოთხოვნა. სამომავლოდ ასორტიმენტის გაზრდასა და მომხმარებლებისთვის ახალი სერვისის მიწოდებას ვგეგმავთ. ჩვენ დავიწყეთ სტაჟირების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გვსურს გადავამზადოთ კადრები და ასევე, სხვადასხვა მიმართულებით მოვამზადოთ დაინტერესებული პირები. ეს ერთ-ერთი გზაა კადრების დეფიციტის შესავსებად. ძირითადად 18-დან 30 წლამდე მოქალაქეებზე გვაქვს აქცენტი", - აცხადებს კოტე სვანიძე.
რაც შეეხება საექსპორტო გეგმებს - კომპანია პროდუქციას ამ ეტაპზე, გერმანიის amazon-ზე ყიდის, თუმცა საექსპორტო პოტენციალის გაზრდაზე აქტიურად მუშაობს.
"აზიის მიმართულებაზე ვმუშაობთ და საკმაოდ კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ. ვფიქრობთ, რომ გარკვეულ ინვესტიციებს განვახორციელებთ აღნიშნულ ქვეყანაში. ჯერჯერობით კონკრეტულად არ გვინდა საუბარი რომელი ქვეყანა იქნება ეს, თუმცა მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და ვფიქრობთ, რომ ამ ქვეყანაში წარმომადგენლობასაც გავხსნით.
ამჟამად, გერმანიის amazon-ზე ვართ წარმოდგენილი. ეს ძალიან დიდი ბაზარია, კონკურენციაც დიდია და შესაბამისად, ჩვენი სამუშაო არეალი ამით შემოიფარგლება. მოგეხსენებათ ჩვენი კომპანია ამ ეტაპზე არ არის დიდი მწარმოებელი. გვაქვს მცირე და საშუალო ბიზნესის სტატუსი და ვფიქრობთ, რომ ამ სტატუსის ზრდასთან ერთად შევძლებთ უფრო აგრესიულად მოვახდინოთ ევროპის და არა მხოლოდ ევროპის ბაზარზე შესვლა", - აღნიშნა კოტე სვანიძემ.
„კოდალა“ სოციალური საწარმოა, რომელიც ძირითადად შშმ პირებს ასაქმებს. საწარმო 2016 წლიდან ფუნქციონირებს და 200-მდე ეკომეგობრულ ხის სათამაშოს, დეკორატიულ ნაკეთობებს და საბავშვო ხის ავეჯს ამზადებს. საწარმოში სრული დატვირთვის შემთხვევაში შესაძლებელია ყოველთვიურად 8000-დან 10 000 -მდე ერთეული სათამაშოს წარმოება. პროდუქციაზე ფასები მერყეობს 5-99 ლარის ფარგლებში.