logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"მარნეულის სასურსათო ქარხანა" 2025 წელს საწარმოო სიმძლავრეების გაზრდას გეგმავს

"მარნეულის სასურსათო ქარხანა" 2025 წელს საწარმოო სიმძლავრეების გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის პროექტების მენეჯერმა ქეთი ნემსაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია და სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის დასრულდება. 

"სიმძლავრეების გაზრდის შემდეგ საშუალება გვექნება ასორტიმენტი გავაფართოოთ. შესაბამისად, კომპანიის 2025 წლის გაყიდვების მაჩვენებელიც, ვფიქრობთ, რომ აღნიშნულ პროექტზეა დამოკიდებული. ახალი პროდუქტები ბაზარზე წარმოდგენილი მეოთხე კვარტალიდან, ან 2026 წლიდან იქნება. კომპანია რამდენიმე ახალი სახეობის დამატებას გეგმავს, თუმცა ეს რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. 

აღნიშნულის გარდა, მიმდინარე წელს საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზეც ვიმუშავებთ. 2024 წელს ექსპორტზე გაიყიდა 7,4 %,  ადგილობრივ ბაზარზე 92,6%", - აცხადებს ქეთი ნემსაძე.

მისივე ინფორმაციით, 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, კომპანიის გაყიდვები 9%-ით გაიზარდა. 

"მიუხედავად მიმდინარე ეკონომიკური გამოწვევებისა, კომპანიის გაყიდვები ზრდის დინამიკაში შენარჩუნდა. 2024 წელს ახალი პროდუქტები არ გვქონია, თუმცა ბაზარზე ტომატპასტა ახალი ფორმატით (315 გრ-იანი შეფუთვით) ჩაეშვა. 

ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები იყო მწნილები, რომელიც საერთო გაყიდვების 28%-ს იკავებს. გარდა ამისა, ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია ტყემალი, რომელსაც 26% უკავია.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს - 2024 წელს თურქეთი დაგვემატა, ხოლო 2025 წლის იანვარში ასევე, პოლონეთი", - აღნიშნა ქეთი ნემსაძემ.

შეგახსენებთ, "მარნეულის სასურსათო ქარხანა" საქართველოში საკვების ყველაზე დიდი მწარმოებელი ქარხანაა.  კომპანია ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. ქარხანა ქვემო ქართლში, თბილისიდან 40 კილომეტრში მდებარეობს. საწარმოში ამ ეტაპზე წლიურად, დაახლოებით 10 000 ტონა ნედლეულის გადამუშავებას ახდენენ.

დღესდღეობით მარნეულის სასურსათო ქარხანა ფლობს ევროპის ლიდერი კომპანიების დანადგარებს:  Fenco, Niko, FAM, PETEK, Krones AG, etc.

ნედლეულის ნაწილს ქარხანა  პარტნიორი კომპანია "მარნეული აგროსგან", ნაწილს კი 150-ზე მეტი ქართველი ფერმერისგან იბარებს. 

ამ დროისთვის კომპანია პროდუქციას დაახლოებით რამდენიმე ქვეყანაში ყიდის, მათ შორის, აშშ-ში, იტალიაში, საბერძნეთში, კვიპროსში, უკრაინაში, გერმანიაში, აზერბაიჯანსა, თურქეთში, პოლონეთსა და მოლდოვაში.

გამოგვყევით