logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"მორიარტი" 20%-იანი ზრდის შემდეგ ახალ პლატფორმას უშვებს და ასორტიმენტის ხაზს აფართოებს

კომპანია "მორიარტი", რომელიც პერსონალიზებულ საჩუქრებს და ინტერიერისთვის პოსტერებს ამზადებს, დეკემბერში, ასორტიმენტს აქსესუარების ხაზის მიმართულებით აფართოებს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი, სალომე წიქარიძე "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, ამ ეტაპზე, ბაზრის მონიტორინგი მიმდინარეობს, ამიტომ პროექტის საინვესტიციო ღირებულება ჯერ დაზუსტებული არ არის. მისივე თქმით, ახალი ხაზისთვის საჭირო ნედლეულის მოწოდება, ან აშშ-დან, ან ჩინეთიდან მოხდება.

"ამჟამად, ასორტიმენტში ვარსკვლავების რუკა გვაქვს, რომელიც კონკრეტული თარიღის მიხედვით იქმნება, ასევე აუდიო ჩანაწერებს ვაციფრულებთ. მოკლედ, რომ გითხრათ თითოეული პროდუქტი ინდივიდუალურად მზადდება - ბეჭდის სერვისი დავამატეთ, მომხმარებელს, თუ ინტერიერისთვის კონკრეტული პოსტერის შექმნა სურს, შეგვიძლია, მომსახურება გავუწიოთ. ამასთან, ფოტო წიგნი გვაქვს, სადაც ნებისმიერი ფოტოების კრებული წიგნის სახით იკინძება, ხოლო ყდისთვის მყიდველი სასურველ დიზაინს თავად ირჩევს. სხვადასხვა, სტამბის ჩართულობით, ამჟამინდელი პროდუქციის ნედლეულს მთლიანად საქართველოში ვიძენთ.

ფასების დიაპაზონს, რაც შეეხება 90 ლარიდან 400 ლარამდე მერყეობს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მომხმარებელთა რაოდენობა,  20%-ით გაიზარდა, რასაც პროდუქციის დიდ არჩევანს და სოციალურ ქსელში აქტიურ მარკეტინგულ ჩართულობას ვუკავშირებ. მომხმარებლების 95%-ი ადგილობრივი მოსახლეობაა, დანარჩენი ნაწილი კი, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებზე მოდის", - აღნიშნავს სალომე წიქარიძე.

კომპანიის დამფუძნებელი ტექნიკური მიმართულებითაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე, "მორიარტი" ინტერნეტ სამყაროში ახალი პლატფორმის ჩაშვებას გეგმავს. კერძოდ, მეწარმის ინფორმაციით, ახალი პლატფორმის დასრულების შემდეგ პოტენციური მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქტის ნახვა და ყიდვის პროცესი  გამარტივდება.

"ყველაფერი ერთ სივრცეში იქნება განთავსებული. მომხმარებელი თავად აირჩევს, პროდუქციას, სასურველ დიზაინს, ამასთან შეკვეთას გააფორმებს", - აღნიშნავს ბიზნესს იდეის ავტორი.

ამასთან, სალომე წიქარიძის თქმით, ხელოვნურმა ინტელექტმა ყველაფერი შეცვალა და სოციალური ქსელში გაყიდვების რაოდენობის ზრდა, სამიზნე აუდიტორიამდე მიტანილ სწორ რეკლამას უკავშირდება.

"ჩვენი სფეროს მიმართულებით კონკურენცია ნელ-ნელა იზრდება. ამასთან, ხელოვნურმა ინტელექტმა ყველაფერი შეცვალა და ამიტომ ახალ გამოწვევებს შევეჭიდეთ, რომ განვითარდეთ.

სოციალურ ქსელს, რაც შეეხება გასულ წლებთან შედარებით, ყველაფერი შეიცვალა, ახლა რეკლამა ცალსახად დიდი მნიშვნელობის მატარებელია. მაგალითად, სოციალურ ქსელში "მორიარტს" 70 000-ზე მეტი მეტი გამომწერი ჰყავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ახალ პოსტს ვერავინ ნახავს, თუ სამიზნე აუდიტორიამდე სწორად დარეკლამებული არ მივა. შესაბამისად, შეკვეთების რაოდენობა რეკლამაში დახარჯული თანხის პროპორციულია. ამასთან, გაყიდვების მიმართულებით ყველა ასაკის სეგმენტს მოვიცავთ, თუმცა კონკრეტულად თვეში რამდენ საცალო პროდუქტს ვყიდით თქმა გამიჭირდება", - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, კომპანია "მორიარტი", რომელიც პერსონალიზებულ საჩუქრებს და ინტერიერისთვის პოსტერებს ამზადებს ადგილობრივ ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. ამ ეტაპზე, "მორიარტი" პროდუქციის რეალიზაციას ონლაინ პლატფორმებზე ახდენს, უშუალოდ კომპანიაში კი,  5 ადამიანია დასაქმებული. 

    გამოგვყევით