logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

პირველად საქართველოში, კარკასული შუშის აქსესუარების წარმოება დაიწყეს

პირველად საქართველოში, კარკასული შუშის აქსესუარების წარმოება დაიწყეს, რომლის ანალოგიც ჩვენს ქვეყანაში, ამ დრომდე, არ მზადდებოდა. პროდუქციას ქართველი მხატვარი და ბრენდ "თამაროარტის" დამფუძნებელი თამარ მამისაშვილი ქმნის.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ თამარ მამისაშვილმა განუცხადა, აღნიშნული პროდუქციის წარმოების იდეა იტალიაში ცხოვრების დროს გაუჩნდა.

„რომში, ჩემი სახლის ქვემოთ, იყო პატარა სახელოსნო, სადაც მზადდებოდა შუშის აქსესუარები და სხვა ნივთები, რამაც მე ძალიან დამაინტერესა და დიდი ხნის მანძილზე ვიკვლევდი წარმოების ტექნიკას. უკვე საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, აღმოვაჩინე ტექნიკა, რომელიც ბევრად იოლი და დახვეწილია… ასე შევუდექი კარკასული შუშის აქსესუარების წარმოებას“, -  აღნიშნა "თამაროარტის" დამფუძნებელმა.

როგორც თამარ მამისაშვილი განმარტავს, მისი შუშის აქსესუარები არის ინოვაციური პროდუქტი საქართველოსთვის, რომელიც შექმნილია კარკასული მეთოდით, იაპონური ტექნიკით. მისივე შეფასებით, ეს აქსესუარები არის საოცრად დახვეწილი და ნაზი, მაგრამ ამავდროულად, მყარი სტრუქტურა, რომელიც მალე არ ფუჭდება.

„ნედლეულად ვიყენებ იაპონურ მასალებს, რომელთა იმპორტიც თავად იაპონიიდან ხორციელდება. მასალა საკმაოდ ძვირად ღირებულია, დიდ თანხებთან არის დაკავშირებული მისი ტრანსპორტირებაც. დღეისათვის, ვამზადებ რამდენიმე აქსესუარს, ესენია - ბროშები, სამაჯურები, საყურეები და ბეჭდები. სამომავლოდ კი, ვგეგმავ ამავე ტექნიკით დავამზადო საყოფაცხოვრებო ნივთები ინტერიერის დიზაინისთვის, რომელიც გაალამაზებს ჩვენს ყოველდღიურობას“, - განმარტა თამარ მამისაშვილმა.

მან მომხმარებლის მხრიდან არსებულ მაღალ ინტერესზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ამ ეტაპზე, მოთხოვნა მიწოდებას მკვეთრად აღემატება.

„ვინაიდან, თითოეული ნივთის შექმნის პროცესი არის საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი, დიდი რაოდენობის აქსესუარებს ვერ ვქმნი. ამიტომ, მოთხოვნა გაცილებით დიდია. სხვათა შორის, ჩემი ნივთების მიმართ ინტერესი არსებობს უცხოელების მხრიდანაც, რამაც განაპირობა ჩემი სურვილი, რომ ეს აქსესუარები ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გავიტანო“, - განაცხადა "თამაროარტის" დამფუძნებელმა.

მისივე თქმით, საქართველოში წარმოებულ კარკასული შუშის აქსესუარებს უცხოურ ბაზრებიდან პირველად პარიზში გაეცნობიან. თავისუფალი ხელოვნების სივრცე ქართველი ხელოვანებისთვის აწყობს გამოფენას მაისის თვეში, სწორედ პარიზში, სადაც თამარ მამისაშვილი საკუთარ ნამუშევრებს წარადგენს.

გამოგვყევით