მუხიანის დასახლებაში არსებულ "რადიო ქალაქში", სადაც უკვე მოქმედი კაფეები, ბარები, შემეცნებითი და მოსასვენებელი სივრცეებია განთავსებული ძარცვის ფაქტი დღეს დილით დაფიქსირდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია "ბიზნესპარტნიორს" "აჭარა ჯგუფში" დაუდასტურეს.
მათივე ინფორმაციით, "რადიო ქალაქიდან" 2500 ლარის ოდენობის თანხაა წაღებული. კომპანიის ცნობით, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ და დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
შეგახსენებთ, რომ „აჭარა ჯგუფის“ შვილობილმა კომპანიამ „ინდუსტრიული ქალაქი“ ტერიტორია აუქციონზე 2019 წელს შეიძინა. ამ დროისთვის ტერიტორიის განვითარების პროექტის პირველი ფაზაა დასრულებული. უკვე მოეწყო D Block-ის საერთო სამუშაო სივრცე, რესტორანი და პადელის მოედნები.
მუხიანის ტერიტორიაზე მდებარე ყოფილ რადიო ქარხანას "აჭარა ჯგუფი" კრეატიული ეკონომიკის ახალ კერად აყალიბებს. პროექტი მიზნად ისახავს მხატვრების, მეწარმეების, პედაგოგებისა და სხვა სფეროების პროფესიონალების ჩაბმას ახალი ეკოსისტემის სინერგიაში.
რადიო ქალაქის ტერიტორია 12 ჰექტარს მოიცავს, რომელიც გამოყენებული იქნება საერთაშორისო ფესტივალების, გამოფენების, ხელოვნების ბაზრობებისა თუ არტისტების რეზიდენციების გასამართად. შეიქმნება ერთობლივი სამუშაო სივრცეები, ატელიები, სტუდიები და მრავალი სხვა შემოქმედებით-საგანმანათლებლო კუთხე. პროექტის ჯამური ინვესტიცია 90 მილიონ ლარამდეა, საიდანაც უკვე დახარჯულია დაახლოებით 43 მილიონი ლარი.