logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

Rosali Sambar: წელს ყველაზე მსხვილი დამკვეთები სასტუმროები და კაზინოები იყვნენ

შოკოლადის მწარმოებელ კომპანია Rosali Sambar-ის წარმომადგენელი პაპუნა ძაძამიძე 2024 წელს აფასებს და აცხადებს, რომ კომპანიის ყველაზე მსხვილი დამკვეთები წელს სასტუმროები და კაზინოები იყვნენ.

როგორც ძაძამიძე  "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, კომპანიის დამკვეთების ჩამონათვალში სხვადასხვა  ბიზნეს კომპანიები არიან, მათ შორის, ფარმაცევტული კომპანიები და ბანკები.

პაპუნა ძაძამიძის თქმით, საბოლოო ჯამში ნორმალური წელი იყო და კომპანიის გაყიდვები არც ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე შემცირებულა.

"წინა წელთან შედარებით, მზარდი ტენდენციებია. მათ შორის, გაიზარდა კორპორატიული გაყიდვების წილი და ამ ეტაპზე, აღნიშნული მომხმარებლების რაოდენობა, დაახლოებით, 60%-ს შეადგენს.  ვერ გეტყვით, რომ ბოლო პერიოდში რაიმე ცვლილება შეინიშნება. შესაძლებელია უფრო ადრე, რომ ჰქონდათ შეკვეთები და აღარ გაუქმდა, ამიტომ არ ყოფილა ცვლილებები", - აცხადებს პაპუნა ძაძამიძე.

ცნობისთვის, კომპანია თბილისში არსებულ საწარმოში, 5-7 სახეობის შოკოლადს ბელგიიდან შემოტანილი ნედლეულით ამზადებს, მათ შორის, რძიანს, შავს, დიაბეტურს, თეთრს და თხილიანს.

როგორც ძაძამიძე აღნიშნავს, Rosali Sambar-ის წარმადობა თვეში 1 ტონაა. კომპანიამ ბაზარზე ოპერირება დაახლოებით, 17 წლის წინ დაიწყო. საწარმოსთან ერთად, კომპანიას ერთი მაღაზია აქვს და გარდა ამისა, მათი პროდუქცია ქსელურ მარკეტებსა და ონლაინ იყიდება.

გამოგვყევით