logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"სურვილი მაქვს ქსელურ მარკეტებში შევიდე, თუმცა პროდუქციის სერტიფიცირება გადაულახავი პრობლემაა" - "კირკე"

დიდი სურვილი მაქვს ქსელურ მარკეტებში შევიდე, თუმცა პროდუქციის სერტიფიცირება გადაულახავი პრობლემაა, - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორთან" ხელნაკეთი საპნებისა და კოსმეტიკის მწარმოებელი ქართული კომპანია "კირკეს" დამფუძნებელმა ნანა თავხელიძემ ისაუბრა. 

მისივე ინფორმაციით, საქართველოში ხელნაკეთი საპნებისა და სხვა პროდუქციის სერტიფიცირება არ ხდება და მსგავსი ბიზნესები სერტიფიკატს უცხოეთში იღებენ, რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

"ჩვენი პროდუქციის მიმართ ინტერესი მზარდია. ამ ეტაპზე, პროდუქციას ონლაინ ვყიდით და ასევე, წარმოდგენილები ვართ ხოლმე სხვადასხვა გამოფენაზე. ჩვენი მომხმარებლები არიან როგორც კორპორატიული , ისე ფიზიკური, საცალო სეგმენტი. ყოველწლიურად კომპანიის გაყიდვები, დაახლოებით, 10-15%-ით იზრდება.

გვინდა, რომ უფრო მეტად გავაფართოოთ წარმოება და წარმადობა და ასევე, სარეალიზაციო არხები გავზარდოთ, თუმცა ამისთვის სერტიფიკატი გვჭირდება, რაც საქართველოში არც ერთ უწყებაში არ გაიცემა. ლაბორატორიებსაც სტანდარტად აღებული აქვს ქარხნული საპონი და მისი სტანდარტები, რომელსაც ხელნაკეთი საპონი ვერანაირად ვერ დააკმაყოფილებს. ამჟამად, ველოდებით "აწარმოე საქართველოში"-ს სესხის სუბსიდირებას, რათა უფრო დიდი ფართი მოვიძიო და ასევე, სასაქონლე ფორმა, შტრიხკოდი მაინც ავიღო და იმით გავაგრძელო ოპერირება. ბაზარზე წარმოდგენილ მსგავს კომპანიებს, ან უცხოეთში აქვთ აღებული სერტიფიკატი, ან საერთოდ არ აქვთ", - აცხადებს ნანა თავხელიძე.

ცნობისთვის, ხელნაკეთი საპნებისა და კოსმეტიკის მწარმოებელი ქართული კომპანია „კირკე“ ბაზარზე 2020 წლიდან გამოჩნდა. "კირკეს" სახელოსნო თბილისში მდებარეობს და პროდუქციას ონლაინ ყიდის.

გამოგვყევით