2024 წელს საპილოტე პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო დარგში 50 ქალი გადავამზადეთ, - ამის შესახებ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ირმა აფხაზავამ “ბიზნესპარტნიორი პიკის საათში” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის მიმართ საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროექტის განხორციელებას მიმდინარე წელსაც გეგმავს.
"პროექტი ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტისთვის გაკეთდა. ეს იყო სოფლად მენტორი ქალების გამოვლენა და სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო დარგში დასაქმებული ფერმერი ქალების გადამზადება. ძალიან საინტერესო პროექტია. ჩვენს ხუთივე მუნიციპალიტეტში: ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგების მიმართულებით 5 მენტორი ქალი გამოვყავით, რომელთაც მეწარმეობის კარგი გამოცდილება ჰქონდათ და მათ მიერ ჯამში 50 ქალი იქნა გადამზადებული.
გადამზადება მოხდა ისეთ დარგებში როგორიც არის - მეღვინეობა, მებოსტნეობა, მესათბურეობა თუ კენკროვანი კულტურების წარმოების მიმართულება. რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში ძალიან ბევრი წარმატებული ქალია, რომელთაც შეუძლიათ საქმიანობას მენტორობა შეუთავსონ. ჩვენ თემატურად შევიმუშავეთ ის ძირითადი მიმართულებები, რომელიც ძლიერი სოფლის მეურნეობის დარგებია. მაგალითად, ხულოს მუნიციპალიტეტში ჟოლოს წარმოების მიმართულებით გამოვყავით მენტორი, რომელსაც საწარმო აქვს, შუახევის მუნიციპალიტეტში ღია და დახურული გრუნტის ბოსტნეული კულტურების წარმოების მიმართულებით, ქედის მუნიციპალიტეტში მეფუტკრეობის და თაფლის წარმოების მიმართულებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჩირის წარმოების, ხოლო ქობულეთში მევენახეობა, მარნის წარმოების მიმართულებით", - აცხადებს ირმა აფხაზავა.
შეგახსენებთ, საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში საპილოტე პროექტი განხორციელდა – საუბარია სოფლად მენტორი ქალების გამოვლენისა და სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო დარგში დასაქმებული ფერმერი ქალების გადამზადებაზე.