ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 18%-იანი დამატებული ღირებულების გადასახადით ვერ აიხსნება ის 86%-იანი ფასნამატი, რომელიც არსებობს ამა თუ იმ პროდუქტზე.
როგორც ლაშა ხუციშვილმა "ბიზნესპარტნიორის ღამის ეთერში" სტუმრობისას განაცხადა, კვლევამ, რომლის საფუძველზეც იქნა გაანგარიშება გაკეთებული, აჩვენა, რომ 86%-იანი ფასნამატი არ მოიცავს დამატებული ღირებულების გადასახადს.
"შესაბამისად, ჩვენ ვსაუბრობთ მარჟაზე, რომელიც არის არაგონივრულად მაღალი არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის. ალბათ, მსოფლიოში არ მოიძებნება ბევრი ქვეყანა, სადაც ამხელა ფასნამატი შეიძლება იყოს ამა თუ იმ პროდუქციაზე",- აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, სურსათზე ფასების შემცირების სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს სამთავრობო და საპარლამენტო კომისია.
"პირველი - ხომ არ არის არასწორი ბიზნესმოდელები. მეორეს მხრივ მიმდინარეობს საბაზრო ძალაუფლების შესწავლა - ხომ არ ხდება საბაზრო ძალაუფლების გამოყენება იმისთვის რომ არსებობდეს ასეთი ფასნამატები და მესამე - კარტელური გარიგებები, ანუ შეთანხმებები ბაზრის მონაწილეების მხრიდან, რომელმაც ასევე შეიძლება დაამახინჯოს ბაზარი. ვფიქრობ, რომ სამივე ამ მიმართულების არსებობის ნიშნები სახეზეა. თუმცა, ამას უნდა შესაბამისი დადასტურება. დამტკიცება და ამის შემდგომ ხდება რეაგირება, გადაწყვეტილებების მიღება. მათ შორის, არა მხოლოდ ადმინისტრირების, არამედ საკანონმდებლო დონეზე. იქიდან გამომდინარე, რომ მომავალში სრულად იქნას გამორიცხული მსგავსი ტიპის ქმედებები და ეს არ იყოს ერთჯერადი ხასიათის დარეგულირება."-აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
მისივე თქმით, ფასების შემცირების მოლოდინი არსებობს.
"ჩვენ დარწმუნებული ვიქნებით, რომ ყველა ბიზნეს ოპერაცია, რომელიც საქართველოში ტარდება არის საბაზრო პრინციპების შესაბამისი და არ ხდება გარკვეულწილად დამახინჯება სხვადასხვა მექანიზმების. ბუნებრივია, როდესაც ვსაუბრობ 86%-იან ფასნამატზე ეს არ არის ნორმალური სიტუაცია. ამას თავად აღიარებენ ბიზნესის წარმომადგენლები. როგორც დისრიბუტორები, ასევე იმპორტირები, ასევე საცალო ქსელების წარმომადგენლები. და შესაბამისად, ამ პროცესში არიან აქტიურად ჩართული. იმედი გვაქვს, რომ ეს სამუშაოები, რომელსაც საქართველოს მთავრობა და საქართველოს პარლამენტი ახორციელებს, მათ შორის კერძო სექტორის ჩართულებით, მიგიყვანს იქამდე რომ ფასების შემცირება მოხდება. ძირითადად ჩვენ მოვისმინეთ ერთმანეთზე გადაბრალებები."-აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
მისივე თქმით, ეს პროცესები ბიზნესის თავისუფლებას საფრთხეს არ შეუქმნის.
"ჩვენ არასაბაზრო მოთხოვნებს არ ვაყენებთ. ეს არის პროცესი, რომელიც ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ გაიარა. არ გამოვრიცხავთ, რომ საჭირო იყოს საკანონმდებლო ცვლილებებიც, თუმცა საბოლოო ჯამში ვსაუბრობთ სექტორის გამართულ ფუნქციონირებაზე და არა რაიმე შეზღუდვებზე."-აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომელიც მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებს. დროებით კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს.
საპარლამენტო კომისიამდე ფასებთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო სამთავრობო კომისიამ. გადაწყვეტილება პრემიერის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც საქართველოში სურსათის ფასების მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებთან შედარებით მაღალია. ფასებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა აპრილში იქნება.