ბაზრის კვლევის ახალი მოდული გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ბაზრის კვლების შედეგები თვით შემსყიდველმა ორგანიზაციამაც კი ვერ ნახოს, სანამ დრო არ ამოიწურება წინადადებების წარდგენის, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
ლევან ჟორჟოლიანის განმარტებით, ამის მიზანია, რომ არ მოხდეს კომუნიკაცია ფასის კლების ან გაზრდის ნაწილში.
„ჩვენ, ამ რეფორმასთან ერთად, რომელიც, სხვათაშორის, ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარეობს და ერთ-ერთი მოთხოვნა, ვალდებულება იყო, თუმცა ეს ნაბიჯი არ არის გადადგმული იმიტომ, რომ სადღაც ვალდებულება შესრულდეს, რეალურად, ეს ქვეყანას ამ წუთას ძალიან სჭირდებოდა, გავუშვით სატესტო რეჟიმში, მაგალითად ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული, რომელიც ასევე უზრუნველყოფს იმას, რომ ყველა დაინტერესებული პირი იყოს ჩართული ფასის აღების, ანუ ბაზრის კვლევის ეტაპზე. ეს ნიშნავს მინიმუმ 90%-ით ყველა იმ რისკის დაზღვევას, რომელიც აქამდე არსებობდა.
ცენტრალიზებულ შესყიდვების სააგენტოს რაც შეეხება, დადგინდება კონკრეტული მარჟები, მაგალითისთვის, კონკრეტულ საქონელთან ან მომსახურებასთან მიმართებაში, ვთქვათ ნახევარი მილიონი ან 1 მილიონი, იმის ქვევით იყიდიან სამინისტროები, სსიპები, შემსყიდველი ორგანიზაციები, ამის ზევით იყიდის ცენტრალიზებული შესყიდვების სააგენტო. აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება ეს პროცესი. ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, ანუ კონკრეტულ მომწოდებლებს, რომ მონაწილეობა მიიღონ ბაზრის კვლევაში. ასევე, ბაზრის კვლევის ელექტრონულ მოდულთან ერთად, ფაქტობრივად, ეს გამორიცხავს წინასწარ, თუნდაც ბიზნესში რაღაც ფარულ გარიგებებს და ასევე, ბაზრის კვლევის ახალი მოდული გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ბაზრის კვლევის შედეგები თვით შემსყიდველმა ორგანიზაციამაც კი ვერ ნახოს, სანამ დრო არ ამოიწურება წინადადებების წარდგენის, რათა არ მოხდეს კომუნიკაცია ფასის კლების ან გაზრდის ნაწილში“, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.