ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში უნგრეთის ახლადდანიშნულ ელჩს პეტრა პონევაჩ - პანას შეხვდა. მინისტრმა ელჩს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ეკონომიკური თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში. ხაზი გაესვა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკა, ტურიზმი, სამოქალაქო ავიაცია, კავშირგაბმულობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სხვ. მხარეები საქართველო-უნგრეთის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრაზე მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელიც მიმდინარე წელს 22-23 ოქტომბერს გაიმართება, უნგრეთი მაღალი დონის დელეგაციით იქნება წარმოდგენილი.
2024 წელს საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა და აღსანიშნავია, რომ აქედან ექსპორტის ზრდა 93%-ს შეადგენს. 19%-ით არის გაზრდილი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 2025 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებითაც. გარდა ამისა, ხაზგასასმელია ტურიზმის ზრდის სტატისტიკაც, რომელსაც კიდეც უფრო გაუმჯობესების დიდი პოტენციალი აქვს. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ის საქართველოში წარმატებული ოპერირება - ავიაკომპანია ამჟამად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ოთხი საჰაერო ხომალდით ოპერირებს და მიმდინარეობს მოლაპარაკებები მეხუთე ბაზირებული ხომალდის დამატებასთან დაკავშირებით.
ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების კუთხით ასევე აღსანიშნავია 2025 წლის აპრილში, თბილისში გამართული საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სესია, ასევე 2025 წლის ივნისში ბუდაპეშტში გამართული საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის მეორე შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და უნგრეთს შორის.