logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"მომდევნო 10 წელში ₾1 მლრდ-ის რესურსი უნდა გაჩნდეს იმ ფონდებისთვის, რომლებიც ბიზნესში წილობრივად შევლენ"

ჩვენი მიზანია მომდევნო 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში 1 მილიარდი ლარის  სასესხო რესურსი გაჩნდეს იმ ფონდების  მიმართულებით, რომლებიც წილობრივ მონაწილეობაში შევლენ და სხვა ტიპის რესურსს შესთავაზებენ კერძო სექტორს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელმა ირაკლი გაბრიაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, 2025 წელს კაპიტალის ბაზრისა და ფონდების განვითარების მიმართულებით იმედის მომცემი ტენდენციები დაფიქსირდა. 

"კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით 2025 წელი პოზიტიური იყო. ასევე, ფასიანი ქაღალდების კუთხით გვქონდა რეკორდული წელი. კერძოდ, 1.5 მლრდ-ს გადააჭარბა ადგილობრივმა ბონდების მოცულობამ. ამ ბაზარზე ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ჩვენი ჩართულობა საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან 2024 წლის აპრილში ჩვენ ამ მიმართულებით ჩავუშვით პროგრამა, რომლის ფარგლებში 1.1 მლრდ-ს გადავაჭარბეთ მხარდაჭერილი ემისიების მოცულობით. 14 ბენეფიციარის 22 ემისიას დავუჭირეთ მხარი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია -  ამ 14-დან 6 ბენეფიციარი პირველად გამოჩნდა ამ ბაზარზე, რაც ძალიან კარგი ძვრაა. თუმცა, ამ ბაზარს გაცილებით უფრო მეტი პოტენციალი აქვს.  დღესდღეობით ბონდების მიმართულებით 2.7  მლრდ ლარია, რაც აქტიური პორტფელია, რომელიც მშპ-ს 2.7%-მდეა და ჩვენ ვფიქრობთ, გვაქვს პოტენციალი, რომ 3-დან 3.5%-მდე ავიდეთ, ხოლო გრძელვადიან პერიოდში 5%-მდე.  ბაზრის განვითარებაში ამ მიმართულებით აქტიურად ჩავერთვებით.

რაც შეეხება კაპიტალის ფონდებს, რომელიც კომპანიებს არა სასესხო რესურსს, არამედ წილობრივ მონაწილეობას სთავაზობენ, რათა ისინი განვითარდნენ - ამ მიმართულებითაც კარგი ტენდენციები გვაქვს. 2025 წელს ფონდების ქვეშ აქტივების მოცულობა 2.5-ჯერ - 440 მლნ ლარამდე გაიზარდა, თუმცა გამოწვევები  უფრო მეტია ამ მიმართულებით.  440 მლნ ლარიდან სამწუხაროდ, ძირითადი ფინანსური რესურსი მიმართულია ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინსტრუმენტებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ფონდი, როდესაც იქმნება ის ან ყიდულობს ბონდს, ან ყიდულობს სესხს, რომ თავის ფონდის შემქმნელს მოუტანოს მოგება. ჩვენი მიზანია მომდევნო 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში 1 მლრდ სასესხო რესურსი გაჩნდეს იმ ფონდების  მიმართულებით, რომლებიც წილობრივ მონაწილეობაში შევლენ და სხვა ტიპის რესურსს შესთავაზებენ კერძო სექტორს", - აცხადებს ირაკლი გაბრიაძე.

გამოგვყევით