logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

პირველ კვარტალში ბათუმში 4049 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 15.8%-ით მეტია - Galt & Taggart

პირველ კვარტალში ბათუმში 4049 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 15.8%-ით მეტია - Galt & Taggart

1780328980

Galt & Taggart-ი ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პირველ კვარტალში ბათუმში 4049 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 15.8%-ით მეტია.

"2026 წლის პირველ კვარტალში ბათუმში საცხოვრებელი უძრავ ქონებძე მოთხოვნა  მაღალ დონეზე შენარჩუნდა, 2025 წლის ბოლოს დაფიქსირებული გაზრდილი გაყიდვების შემდეგ. ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე. მიუხედავად პირველად ბაზარზე გაზრდილი გაყიდვებისა, ეს დონე კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2022-23 წლების რეკორდულ ნიშნულს, ხოლო გასაყიდი ბინების რაოდენობა ზრდას განაგრძობს, რაც ხაზს უსვამს შენარჩუნებულ ჭარბი მიწოდების რისკებს. ამის ფონზე, პირველად ბაზარზე ფასის ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდა, თუმცა, მიმდინარე მშენებლობების დიდმა მოცულობამ და ქირის შემოსავლიანობის სტაბილურმა შემცირებამ შესაძლოა მასზე წნეხი მოახდინოს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში ბათუმში 4,049 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 15.8%-ით მეტია, აქედან:

  • მეორად ბაზარზე გაყიდვები, რაც დინამიკას რეალურ დროში აჩვენებს, წლიურად 10.1%-ით გაიზარდა.
  • პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 21.1%-ით გაიზარდა.

ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს), პირველად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 70.6%-ით გაიზარდა.

2026 წლის მარტში, პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასმა (მზა ბინებისთვის) 1,893 აშშ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 8.7% ზრდაა. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში საშუალო ფასი წლიურად 7.8%-ით გაიზარდა და 1,479 აშშ დოლარი შეადგინა. ორ ბაზარს შორის არსებული სხვაობა, მშენებარე პროექტების დიდი მოცულობა და ქირის შემოსავლიანობის ეტაპობრივი შემცირება შესაძლოა პირველადი ბაზრის ფასების ამ ტემპით ზრდისთვის შემზღუდავ ფაქტორად იქცეს.

ბათუმში საშუალო დღიური ქირა (ADR) 2026 წლის პირველ კვარტალში წლიურად 7.3%-ით შემცირდა, თუმცა ძირითადი შედეგები მეტწილად ზაფხულის სეზონზეა დამოკიდებული. ADR-ის შემცირების მიუხედავად, ქირის შემოსავლიანობამ 7.1% შეადგინა, რაც შესადარის ქალაქებს შორის კვლავ ერთ-ერთი მაღალია", - აღნიშნულია მიმოხილვაში.

გამოგვყევით