logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

შოთა ბერეკაშვილი: დისტრიბუციის დონეზე 44%-იანი ფასნამატია, რაც ძალიან მაღალია

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, პირველადი ანალიზი აჩვენებს, რომ განსაკუთრებით საკვებ პროდუქტებზე მაღალი ფასნამატია. ეს კი მიანიშნებს იმაზე, რომ სექტორში სტრუქტურული პრობლემაა. 

მისი თქმით, პარლამენტში შექმნილი დროებითი კომისიის მიზანია, ამ პრობლემის აღმოჩენა და ისე გადაწყვეტა, რომ ეს ფასების კლების დინამიკაზე აისახოს. 

"აქვე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძლოთ სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდა, ბიზნესპროცესების ეფექტიანობის გაზრდა, რაც მნიშვნელოვან შედეგებამდე მიგვიყვანს",- აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში. 

დეპუტატის განმარტებით, საწყისი პრობლემა ფასნამატის ჯაჭვშია.

"როდესაც ვამბობთ, რომ ქვეყანაში პროდუქტების მნიშვნელოვანი წილი იმპორტირებულია, ფასნამატი შეადგენს 86%-ს. აქ სტრუქტურული პრობლემაა. ჩვენმა ანალიზმა აჩვენა, რომ ამ ფასწარმოქმნის ჯაჭვში, რომელშიც ჩართულები არიან იმპორტიორები, დისტრიბუტორები და საცალო ქსელის ოპერატორები, დისტრიბუციის დონეზე ფასნამატი 44%-ს შეადგენს, ხოლო რითეილის დონეზე - 29%-ს, საწყისი წერტილიდან ჯამში შეადგენს 86%-ს. ეს იმას ნიშნავს, რომ დისტრიბუციის დონეზე 44% ძალიან მაღალია, როდესაც სექტორის საშუალო ნამატი არის 8%-12%. საჭიროა ამ ფასწარმოქმნის ჯაჭვში კონტრაქტული ურთიერთობების ანალიზი, ხომ არ არის ასიმეტრიული ურთიერთობა საცალო ქსელის ოპერატორსა და დისტრიბუციას შორის, ასევე საცალო ქსელის ოპერატორსა და მწარმოებელს შორის", - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა. 

მან აქვე განაცხადა, რომ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საცალო ქსელის მაღაზიების რაოდენობაც. 

"ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან ექსპანსიას ეწევა საცალო ქსელის ოპერატორები. ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა მაღაზიების რაოდენობა. ამ შემთხვევაში საინტერესოა დაისვას კითხვა - რის ხარჯზე ხდება აღნიშნული ექსპანსია. კაპიტალურ დანახარჯებს როგორ აფინანსებენ კონკრეტული სუბიექტები", - აცხადებს შოთა ბერეკაშვილი. 

შეგახსენებთ,  სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომელიც მუშაობას მომდევნო კვირიდან დაიწყებს. დროებით კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი ხელმძღვანელობს.  სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია 14 წევრისგან შედგება.

საპარლამენტო კომისიამდე ფასებთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო სამთავრობო კომისიამ. გადაწყვეტილება პრემიერის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც საქართველოში სურსათის ფასების მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებთან შედარებით მაღალია. ფასებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა აპრილში იქნება.  

გამოგვყევით