"ბაზარზე ჩვენ მიერ შეთავაზებული $500 მილიონიანი ობლიგაციების სანაცვლოდ, მოთხოვნა დაფიქსირდა დაახლოებით 2,8 მილიარდი დოლარზე ანუ ხუთნახევარჯერ მეტზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ინვესტორები მზად იყვნენ საქართველოში 2. 8 მილიარდი დოლარის ინვესტირება განეხორციელებინათ. რაც მნიშვნელოვანი გზავნილია საერთაშორისო ბაზარზე,"- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა „ბიზნესპარტნიორის ღამის ეთერში“ სტუმრობისას განაცხადა.
ლაშა ხუციშვილის თქმით, საქართველოს მიერ ევროობლიგაციების ემისია იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ამას შეფასება მოჰყვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან, საინვესტიციო კომპანიებიდან, ასევე ლონდონის საფონდო ბირჟისგან.
"რამდენიმე ფაქტორის გამო არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს მონაწილეობა. ბუნებრივია, პირველ რიგში ეს არის დამატებითი ფინანსური რესურსი, რომლის მოზიდვაც ხდება. ამ შემთხვევაში 500 მილიონი დოლარის ოდენობით, თუმცა გარდა ამისა, კიდევ საერთაშორისო ბაზრებზე ობლიგაციების გამოშვება განსაზღვრავს რამდენიმე ძირითად მიმართულებას. პირველ რიგში - ხდება ქვეყნის რისკიანობის შეფასება და ქვეყნისადმი ინვესტორების ნდობის შეფასება, ორივე ამ მიმართულებით იყო ძალიან წარმატებული გამოშვება. იქიდან გამომდინარე, რომ რისკიანობის მაჩვენებელი პირველ რიგში, გამოისახება საპროცენტო განაკვეთში. ამ გამოშვებით საქართველომ აჩვენა ახალი ნიშნული ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მსგავსი და ერთი საფეხურით უფრო მაღალი რეიტინგის მქონე ქვეყნების მიერ გამოშვებულ ევროობლიგაციებში დაფიქსირდა ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი, ხოლო მეორეს მხრივ ემისია მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ გამოჩნდა მაღალი ნდობა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებისადმი,"- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა
მისივე თქმით, ტრანზაქციაში მონაწილეობა ასზე მეტმა საინვესტიციო კომპანიამ მიიღო.
როდესაც ასეთი დიდი კომპანიები უცხადებენ ნდობას ქვეყნის ეკონომიკას, ბუნებრივია ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალშიც ქართული კომპანიები როდესაც მოიზიდავენ დამატებით რესურსებს, მათთვის ეს იქნება უფრო მარტივი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, იქნება უფრო დაბალ საპროცენტო განაკვეთში.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ წარმატებით განახორციელა 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების გამოშვება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. კუპონის განაკვეთი 5.125% ოდენობით დაფიქსირდა. ფინანსთა სამინისტროს ახლად გამოშვებული ევროობლიგაციებით განხორციელდა 2021 წლის ობლიგაციების რეფინანსირება.