2026 წელს, საქართველოში 5 ახალი ფილიალის გახსნაა დაგეგმილი. კერძოდ, ფოთში, ხაშურში, გურჯაანში და 2 თბილისში, - ამის შესახებ სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელის "გორგიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინი ოქროპირიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე არის მიღებული.
"კომპანია "გორგია" აქტიურად არის წარმოდგენილი როგორც საქართველოს ბაზარზე, ასევე საერთაშორისო დონეზე. კომპანიის მიზანია ეტაპობრივად მოიცვას მთელი საქართველო და მომხმარებლებს სხვადასხვა რეგიონში შესთავაზოს ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი სამშენებლო-სარემონტო პროდუქცია. ჩვენ ვმუშაობთ, რათა საქართველოს სხვა რეგიონებშიც დავამატოთ ფილიალები", - აცხადებს ნინი ოქროპირიძე.
რაც შეეხება საერთაშორისო ბაზრებს - როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი აღნიშნავს, მიმდინარე წელს, "გორგიას" ძირითადი ფოკუსი ცენტრალური აზიის ქვეყნებისა და სპარსეთის ყურის რეგიონისკენ არის მიმართული, სადაც სამშენებლო-სარემონტო სექტორი სწრაფი ტემპით ვითარდება და ბაზარი მაღალი პოტენციალით ხასიათდება.
"საერთაშორისო ბაზრებზე ვოპერირებთ "ანთას" ბრენდის სახელით და აქტიურად ვმუშაობთ გეოგრაფიული გაფართოების მიმართულებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება უზბეკეთში სამშენებლო გამოფენაში მონაწილეობა, თებერვლის თვეში, რაც შესაძლებლობას მოგვცემს შევხვდეთ ახალ პარტნიორებს, უკეთ შევისწავლოთ ბაზარი და გავაძლიეროთ ბრენდის ცნობადობა რეგიონში.
ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო ბაზრის გაფართოების გეგმაზე. დამატებით დეტალებს კონკრეტული ქვეყნების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაგიზიარებთ", - აღნიშნავს ნინი ოქროპირიძე.
ცნობისთვის, სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" საქართველოს მასშტაბით, ამჟამად 14 ფილიალს, ხოლო უცხოურ ბაზრებზე, კერძოდ, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ბულგარეთში ჯამში 3 ფილიალს ფლობს.