"გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა ნინა კობახიძემ გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" კლინიკების დაფინანსების სქემაში დაანონსებულ ცვლილებებზე ისაუბრა.
მან საყოველთაო ჯანდაცვაში თანაგადახდის მექანიზმის ამოქმედებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცვლილებები მოქალაქეებს დამატებით ბენეფიტებს მოუტანს.
"ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში მიდის კონსულტაციები თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პირველ რიგში მოქალაქის უფლებები უფრო მეტად იყოს დაცული და მათთვის დამატებითი ბენეფიტები და კეთილდღეობა იყოს შეთავაზებული. გარდა ამისა, სამედიცინო სექტორი როგორც მთავარი მოთამაშე იყოს მობილიზებული იმისთვის, რომ მოქალაქეს უკეთესი მომსახურება შესთავაზოს.
ეს იყო უდიდესი ხარვეზი, რაც DRG-მ მოიტანა. თუ მოქალაქეს აქვს იმის საშუალება, რომ მაგალითად, მშობიარობის პროცესში გაიუმჯობესოს პალატა, ან მარტო განთავსდეს და აიყვანოს ექიმი, რატომაც არა. თუ ამის საშუალება აქვთ, რატომ უნდა მოხდეს მათი დისკრიმინაციულად ამოგდება საყოველთაო ჯანდაცვიდან. თუმცა ეს თანხებიც არ უნდა იყოს კოლოსალური. ბუნებრივია, ექიმი უცხოეთიდან, რომ ჩამოიყვანო ეს კოლოსალურ თანხებზე შეიძლება ავიდეს და ა.შ. ამიტომ ალბათ ჩარჩო გაიწერება, რომელსაც ახალ წლამდე ველოდებით. ეს არის პირველ რიგში მოქალაქისთვის გაკეთებული შეღავათი. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, კლინიკებიც მოტივირებულები იქნებიან რაც შეიძლება განახლებული სერვისები შესთავაზონ მოქალაქეებს", - აღნიშნა ნინა კობახიძემ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პაციენტს კლინიკებში VIP მომსახურებით სარგებლობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლის გარეშე შეეძლება.