logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

კაკაოზე გლობალური დეფიციტია მოსალოდნელი

კაკაოს გლობალურმა ფასებმა ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. მოვაჭრეები მარაგების გაკეთებას განაგრძობენ, რადგან ნავარაუდებია, რომ ამ სეზონზე დეფიციტი გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება  მომდევნო სეზონისთვის.

საცალო ვაჭრობის თაროებზე ფასების ზრდა უკვე დაფიქსირდა. ამერიკული მწარმოებელი Hershey ვარაუდობს, რომ მის პროდუქტებზე მოთხოვნის შემდგომი შენელებაა მოსალოდნელი. კომპანიის გაყიდვების მოცულობა მეოთხე კვარტალში უკვე 6.6%-ით შემცირდა.

შოკოლადის ერთ-ერთმა უმსხვილესი მწარმოებლის აქციები 2023 წლის მაისის პიკთან შედარებით, დაახლოებით 30%-ით დაეცა. კომპანია გასულ წელსაც აცხადებდა, რომ კაკაოს უფრო მაღალი ფასები მის შემოსავალს შეამცირებდა.

ბოლო კვარტალში დაეცა მისი კონკურენტის - Cadbury-ის მწარმოებლის Mondelez-ის აქციებიც.

აქტივების მართვის კომპანია Crescat Capital-ის პარტნიორი და მაკრო სტრატეგი ოტავიო კოსტა აღნიშნავს, რომ კაკაოს ფასების ზრდა აძლიერებს „კიდევ ერთი ინფლაციური ეპოქის ალბათობას“. „ამას განაპირობებს დეგლობალიზაცია, გადაჭარბებული ფისკალური ხარჯვა, ხელფასების მატება და ბუნებრივ რესურსებში ქრონიკულად, არასათანადო ინვესტიცია“ - აცხადებს ოტავიო კოსტა.

ლონდონის ბირჟაზე კაკაოს ფიუჩერსებმა რეკორდს მიაღწია და ტონაზე 4,670 ფუნტით განისაზღვრა. გასული წლის დასაწყისიდან ფასები დაახლოებით გაორმაგებულია. ნიუ-იორკში კი, კაკაოს ფასმა ყველა დროის ახალ მაჩვენებელს მიაღწია - 5,874 აშშ დოლარი ტონაზე, რაც გასული წლის დასაწყისიდან დაახლოებით 90%-იანი ზრდაა.

კაკაოს ნომერ მეორე მწარმოებელ ქვეყანაში განაში ექსპორტიორებმა და მოვაჭრეებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ ცუდი მოსავლიანობის გამო, 2023/24 წლების სეზონებისთვის მოსალოდნელია, რომ გამომუშავება მხოლოდ 475,000-500,000 ტონა იქნება. ეს მოცულობა წინა საანგარიშო სეზონში 655,000 ტონა იყო.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მოსალოდნელია გლობალური დეფიციტი, რაც 2023/24 წლების სეზონისთვის ჯამში 375,000 ტონა იქნება.

მოვაჭრეები შიშობენ, რომ დეფიციტი მომავალ წელსაც გაგრძელდება და ამ სეზონის მოსავლიდან დაკარგული შემოსავლები, შესაძლოა, მომდევნო წლიდან მარცვლეულით შეივსონ.

თუმცა, როგორი იქნება მარცვლეულის მოსავალი მომდევნო სეზონზე, უცნობია.

გამოგვყევით