OpenAI თავისი ახალი საძიებო სისტემით Google-ს საფრთხეს უქმნის. ხელოვნური ინტელექტის პიონერმა SearchGPT-ის გაშვების შესახებ უკვე გამოაცხადა. SearchGPT საძიებო, ხელოვნური ინტელექტის სისტემის პროტოტიპია. მისი ტესტირება ამ ეტაპზე მხოლოდ მომხმარებელთა მცირე ჯგუფთან მიმდინარეობს.
საძიებო ხელსაწყოს საუკეთესო ფუნქციები მოგვიანებით ჩართული იქნება ChatGPT ჩატბოტში. OpenAI ამბობს, რომ ძიების შეჯამებული შედეგები წყაროს მასალის ბმულებით იქნება წარმოდგენილი.
მოსალოდნელია, რომ ეს დიდ საფრთხეს შეუქმნის Alphabet-ის მფლობელობაში მყოფ Google-ს, რომელიც გლობალურ საძიებო ბაზარზე დომინირებს. ივნისში მას ბაზრის წილი 91%-ზე მეტი იყო. ახალი ამბის შემდეგ კი, Alphabet-ის აქციები 3%-ით შემცირდა.
ანალიტიკოსების აზრით, ამავდროულად, მოსალოდნელია, რომ ამ ნაბიჯმა OpenAI საკუთარ დიდ მხარდამჭერთან - Microsoft-თანაც დააპირისპიროს, რომელიც თავისი მხრივ, Bing-ის საძიებო სისტემას მართავს. Windows-ის შემქმნელი Microsoft უკვე სარგებლობს OpenAI ტექნოლოგიით Bing-ის სამართავად.
საძიებო პლატფორმების ბაზარზე კიდევ ერთი კონკურენტია სტარტაპი Perplexity - ძიებაზე ორიენტირებული ჩატბოტი, რომელსაც მხარს უჭერენ Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და AI ჩიპების მწარმოებელი Nvidia.