ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, მაგდა მაღრაძის ინფორმაციით, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით გაიზარდა.
როგორც მაგდა მაღრაძე გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განმარტავს, საზოგადოების დამოკიდებულება პროფესიული განათლების მიმართ მნიშვნელოვნად შეიცვალა.
"ამჟამად, სფეროში ბიზნესის ჩართულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან პროფესიული განათლება მხოლოდ საგანმანათლებლო სექტორის პასუხისმგებლობა არ არის - ამ პროცესში ბიზნესის მონაწილეობას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. დღეს საზოგადოების დამოკიდებულება პროფესიული განათლების მიმართ მნიშვნელოვნად შეიცვალა - აღარ აღიქმება მეორეხარისხოვან, ან ნაკლებად მიმზიდველ არჩევანად. საზოგადოებამ ნელ-ნელა გააცნობიერა, რომ პროფესიული განათლება ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზაა სასურველი პროფესიის დაუფლებისა და მოკლე დროში დასაქმებისთვის", - აცხადებს მაგდა მაღრაძე.
ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი სფეროში არსებული გამოწვევების შესახებაც საუბრობს და განმარტავს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა დაფინანსებების გაზრდაა. კერძოდ, პროფესიული განათლებისთვის აუცილებელია თანამედროვე, კარგად აღჭურვილი ლაბორატორიები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
"გამოწვევების კუთხით ბევრი საკითხია, რადგან სფერო შედარებით ახალია. გასაზრდელია ბიზნესის ჩართულობა, რადგან საქართველოში ბიზნესსა და განათლების სექტორს შორის თანამშრომლობა ჯერ კიდევ არასაკმარისია. ვფიქრობ, განათლების სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა, მათ შორის ჩვენმა ფონდმაც, კერძო სექტორს ისეთი პლატფორმები უნდა შესთავაზონ, რომლებიც განათლების სისტემაში მათი ჩართულობის პროცესს გაამარტივებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა დაფინანსებაა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ინვესტიციები უკვე იდება, თუმცა დაფინანსების გაზრდა სასურველი იქნება", - ამბობს მაგდა მაღრაძე.
ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი 2026 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ დაინტერესებულმა პირებმა საკუთარი წარმატების ისტორიის ანკეტა ფონდის ვებგვერდზე 30 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ.
"პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ფარგლებში ოთხი ძირითადი და ერთი სპეციალური პრიზი გაიცემა. ძირითადი კატეგორიებია: წლის პროფესიული განათლების სტუდენტი, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი, წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და წლის ბიზნესპარტნიორი. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტი აწესებს სპეციალურ ჯილდოს ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისთვის", – აცხადებს მაგდა მაღრაძე.