საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგი განმარტა.
როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის პირველის ხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.
"როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის შესაბამისად, ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა. ასევე მოგეხსენებათ და ჩანს საჯაროდ, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი კვლავ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და არ მნიშნავს პირველ სხდომას. როგორც იცით, ამავე მუხლის დანაწესით, მან უნდა განსაზღვროს ამ ათი დღის განმავლობაში, რომელ დღეს გაიმართოს სხდომა. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის ვალდებულებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება 25 ნოემბერს, კერძოდ, დაიწყება 12:00 საათზე.
რომ გაგაცნოთ პროცედურები, თუ როგორი იქნება მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი დღე. როგორც მოგეხსენებათ, ცესკო-მ უკვე გააკეთა ამაზე განცხადება, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, უკვე გამზადებულია არჩეულ წევრთა დროებითი მანდატები, ამიტომ, ყველა არჩეულმა წევრმა, ეს დროებითი მანდატი ცესკო-სგან უნდა აიღოს. 25 ნოემბერს 11:00 საათიდან დაიწყება რეგისტრაცია. წერილობითია რეგისტრაცია, ვინაიდან, ჯერ ელექტრონულ სისტემაში არ არიან პარლამენტის ახალი წევრები შეყვანილი და პარლამენტის სხდომათა დარბაზთან იქნება სიის მეშვეობით ახლად არჩეული წევრების რეგისტრაციაში გატარება 11:00 საათიდან, ხოლო, 12:00 საათზე დაიწყება უკვე ახლად არჩეული პარლამენტის სხდომა, რომელსაც წარუძღვება მისი უხუცესი წევრი, ბატონი ლადო კახაძე, ამ შემთხვევაში, ისევე, როგორც მე-10 მოწვევის პარლამენტის შემთხვევაში იყო.
გაგაცნობთ რა არის ძირითადი დღის წესრიგი პირველი სხდომისა, რომელიც რეგლამენტითვე არის დადგენილი. პირველი საკითხი გახლავთ უფლებამოსილების ცნობა, იცით, რომ ცესკოს თავმჯდომარეც არის ამ პროცესში ჩართული, მისი მოხსენების შემდეგ მოხდება პარლამენტის მხრიდან პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილების ცნობა და ამ საკითხის კენჭისყრაზე დაყენება, რის შემდეგაც, უკვე ყალიბდება ფრაქციები შესვენების დროს და შესვენების შემდეგ უკვე ხდება წარმოდგენა პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურისა და პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა და ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა. შემდეგ, კვლავ ცხადდება შესვენება, რომლის დროსაც ხდება კომიტეტების ჩამოყალიბება და ამის შემდეგ, უკვე ხელახალ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევა. შესაბამისად, პირველ სხდომაზე გვექნება სამი ძირითადი საკითხი, ეს გახლავთ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა, პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობა მათ შორის, თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა და კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევა.
გარდა ამისა, რაც შეეხება უკვე სასესიო კვირას, ჩვენ კვირის განმავლობაში დღის წესრიგში იქნება ერთი - პრეზიდენტის არჩევის თარიღის ჩანიშვნა, როგორც იცით პარლამენტმა უნდა ჩანიშნოს არჩევის თარიღი და ასევე ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება, სამთავრობო პროგრამასთან ერთად. შესაბამისად, ჩვენ მომავალ კვირას პარლამენტის უფლებამოსილების ცნობასთან ერთად, ნდობას გამოვუცხადებთ მთავრობას და მომავალი კვირის ბოლოსთვის ჩვენ უკვე გვექნება სრულად როგორც ფუნქციონირებადი მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი ისე ახლად დამტკიცებული მთავრობა.
მოკლედ მოგახსენებთ ასევე პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით. როგორც გითხარით თარიღი ჩაინიშნება. ამის შემდეგ უკვე ცესკო ერთვება პროცესში, რომელიც ატარებს ზოგადად ამ არჩევნებს. თარიღის დანიშვნის შემდეგ ცესკო აყალიბებს საარჩევნო კოლეგიას, რომელიც 300 წევრისგან შედგება. ამ 300 წევრში არის 150-ვე პარლამენტის წევრი, ხოლო მეორე ნახევარი 150 ყალიბდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 20 წევრისგან, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 წევრისგან და დარჩენილი 109 წევრი უკვე ყალიბდება თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან, 2021 წელს პარტიების მიერ მიღებული მხარდაჭერის პროპორციის შესაბამისად. ამ პროპორციასაც დაადგენს ცესკო.
ეს არის ის პროცედურები, რომელიც ჩვენ გველის მომავალ კვირას და მნიშვნელოვანი მომენტი არის ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ამომრჩევლისთვის, ასე რომ დარწმუნებული ვარ ყველა ინტერესით ელოდება მომავალ კვირას,"-აცხადებს პაპუაშვილი.